ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილი: მე ვერ დავიცავი ქართველი პოლიციელები

Reuters

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ხალხი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ შედეგებს სთხოვს, მათ კი, მიზნად ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტირება, დამცირება და შეშინება დაისახეს. მერაბიშვილის თქმით, ეს კანონზომიერია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ დაბალი თანამდებობის პოლიციელებსაც დევნიან. მერაბიშვილი სიტყვით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოვიდა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადება ყოფილი პრემიერის  Facebook-ის გვერდზე განთავსდა.

"ყველა ის ადამიანი, ვინც ხაზგასმით და დემონსტრაციულად არ გვემიჯნება, ხდება რეჟიმის მსხვერპლი. მინდა მივმართო იმ პოლიციელებს, რომლებიც დღეს ხელისუფლების ზეწოლას განიცდიან. მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენთან ერთად დაიჯერეს და გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვლილიყო. შეცვალეს პოლიცია, მოახდინეს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია, თუმცა ამავე დროს უარი თქვეს იმ მატერიალურ სიკეთეზე, რაც შევარდნაძის ეპოქის ნორმა იყო. 2012 წელს ჩვენ გვყავდა საზოგადოების მხრიდან მთელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი პოლიცია. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და თითქმის შეუძლებელიც კი ამ მიზნის მისაღწევად. მაგრამ მე ვერ შევძელი ყველაზე მთავარი - მე ვერ დავიცავი ქართველი პოლიციელები. ვერ დავიცავი როგორც ისინი, ვინც არ გატყდა და ამიტომ მათ წინააღმდეგ საქმეები აღიძრა, ასევე, ვერ დავიცავი ისინიც, ვინც გატყდა და პროკურატურის დავალებით ცრუ ჩვენებებს იძლევიან. მე ბოდიშს ვუხდი მათაც, ვინც განსასჯელის სკამებზე სხედან და მათაც, ვინც მათ წინააღმდეგ ჩვენებებს იძლევიან. თქვენ არ შეგშინებიათ მტრის და უკან არასოდეს დაგიხევიათ. თქვენ არ შეგშინებიათ ასლან აბაშიძის რაზმების და მათი მხარდამჭერი რუსული ბაზების, როდესაც აჭარაში შევდიოდით. და ჩვენ შევინარჩუნეთ აჭარა", - მიმართავს მერაბიშვილი პოლიციელებს და აღნიშნავს, რომ მისთვის დიდი პატივი იყო მათთან ერთად ყოფნა. 

"თქვენ არ შეგშინებიათ, როდესაც კანონიერ ქურდებთან ნამდვილი ომი გვქონდა. თქვენ ხომ მაინც გახსოვთ რამდენი მძიმე განსაცდელი გადავიტანეთ და რა ძნელი იყო ეს გამარჯვება. ირაკლი ფირცხალავას და მის მეგობრებს ეს ძალიან კარგად ახსოვთ. მახსოვს, როგორ არ შედრკით კოდორის ოპერაციის დროს. მე დღესაც არ მავიწყდება ის გმირი პოლიციელები და ჯარისკაცები. მახსოვს რამდენი მსხვერპლის გაღება მოგვიწია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ომამდე, ომის დროს და ომის შემდგომ, მუდმივი სროლების, დივერსიული აქტების და დაბომბვების ფონზე ჩვენი მოქალაქეების დაცვის დროს. რამდენი გმირობა გამოიჩინეთ ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, გორში, ქარელში და ხაშურში რუსული ჯარების მიერ ამ რაიონების ოკუპაციის დროს. საზოგადოებამ არ იცის და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებს რამდენი რამის გაკეთება მოგვიწია ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად და ღირსების შესანარჩუნებლად. მახსოვს, რამდენი შრომა დაგვჭირდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გავლენიდან გამოსასვლელად. ჩვენ გავაჩინეთ განცდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ისინი აქ დაუსჯელად ვერ იპარპაშებენ. რომ ქვეყნის ღალატი სულაც არ არის საამაყო. მართალია დღეს საქართველოს ციხეებში არც ერთი უცხო ქვეყნის აგენტი აღარ დარჩა და ისინი ამნისტიით გაათავისუფლეს, მაგრამ ამაზე გულს ნუ გაიტეხთ. თქვენ შექმენით პრეცედენტი, რომელიც მომავალი საქართველოსთვის წესად იქცევა. ბევრი შემიძლია ვისაუბრო თუ რამდენი ენერგია და ინტელექტი გაიღეთ, რომელიც თქვენ ჯერ სათანადოდ არ დაგიფასდათ. თქვენ ხომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის, ანუ ყველა ჩვენგანისთვის აკეთებდით. არასოდეს დამავიწყდება, როდესაც მართვის მოწმობების აღების, ავტომობილების და სანომრე ნიშნების სწრაფად გაფორმების სადემონსტრაციოდ უცხოელები მიგვყავდა მომსახურების სააგენტოში, როგორ ამაყობდნენ იქ მომუშავე გოგოები და ბიჭები, რომ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი სისტემა გვქონდა. ძალიან ბევრი გმირული ქმედებები განვახორციელეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სეპარატისტულად განწყობილი რადიკალების წინააღმდეგ. ჩვენ ხომ ვიცით რამდენად რთული იყო ყველა პოლიტიკური და საერთაშორისო გარემოებების გათვალისწინებით მოქმედება. რამდენი სიფრთხილე და მოთმინება იყო საჭირო, რომ ქვეყნიდან უმტკივნეულოდ გასულიყო რუსული ბაზები და საქართველოში დამატებით ცხელი კერები არ გაჩენილიყო. თქვენ წარმატებით გაართვით თავი ამ ამოცანას", - აცხადებს ყოფილი პრემიერი და აღნიშნავს, რომ პოლიციელებისთვის ყველაზე რთული, მოკრძალებული ხელფასების ფონზე ოჯახებში ყოველდღიური პრობლემების ღირსეულად გადატანა იყო.

"მინდა მივმართო ერთ ჩვეულებრივ პოლიციელს, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ზაზა ჭაიას. ის ჩემამდეც მუშაობდა პოლიციაში, ჩემს დროსაც და წესით ჩემს შემდეგაც უნდა ემუშავა. მას არასოდეს უტრაბახია. არც მე და არც არავის მისი საქმიანობა არასოდეს გამოგვირჩევია. ის ჩემი პირადი მეგობარი არ ყოფილა. იგი რეალურად პოლიციაში ცხოვრობდა თავისი ახლობლებისა და ოჯახის წევრების ხარჯზე. მთელს თავის ენერგიას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ახმარდა. ის ჩართული იყო ყოველდღიურ რუტინაში. ალბათ ბედნიერი იყო, რომ საყვარელ საქმეს აკეთებდა და ამით ახდენდა საკუთარი თავის თვითრეალიზაციას. ის არც ორდენებს იღებდა, არც პრეზიდიუმში იდგა აღლუმების დროს და არც ქვეყნის ხელმძღვანელობა იყენებდა მას როგორც მაგალითს. დღეს ეს ადამიანი პირადი შურისძიების მსხვერპლი გახდა. მან არნახული სიმტკიცე და გმირობა გამოიჩინა. მე მინდა ვთხოვო მას, რომ მომცეს უფლება მომავალში მისი მეგობარი ვიყო. მინდა მივმართო კარალეთის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთ წევრს. მის გვარს სპეციალურად არ ვასახელებ. მან ჩემი აზრით ყველაზე დიდი გმირობა ჩაიდინა, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით. ეს ადამიანი ჩემთვის ყოველთვის დარჩება როგორც გმირობის ეტალონი. მინდა მივმართო პატრულის თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობაზე ლამის ლეგენდებს ყვებოდნენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთაც. თქვენ, საზოგადოებისთვის უცნობო პოლიციელებო, დაანგრიეთ მითი, რომ პოლიცია არ შეიძლება ხალხს უყვარდეს. რუსულმა გრუ-მ ორი კონკრეტული პოლიციელის დაპატიმრებაზე ან ლიკვიდაციაზე საკმაოდ დიდი ჯილდო დააწესა. ისინი ზუგდიდში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელები იყვნენ - დიმიტრი კორძაძე და რომა შამათავა. ისინი ჩემამდეც მუშაობდნენ ამ სისტემაში. კორძაძე აჭარაში ასლან აბაშიძის რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო და 2004 წლიდან საქმიანობა ზუგდიდში განაგრძო. მე ვერ დავიცავი დიმიტრი კორძაძე, რომელიც 2010 წელს ქართველმა კრიმინალებმა რუსული ფულის სანაცვლოდ ბათუმში ააფეთქეს. მინდა ბოდიში მოვუხადო მის ოჯახს, რომ მე იგი ვერ დავიცავი. მინდა ბოდიში მოვუხადო რომა შამათავასაც, რომელიც დღეს უსამართლოდ არის დაკავებული. მე ბევრს არაფერს ვიტყვი ამ ადამიანის შესახებ. ბოდიში, რომ ვერც შენი დაცვა მოვახერხე.  თუმცა, ყველაზე მეტად რაზეც მე ვნანობ, არის ის, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა 40-ზე მეტი პოლიციელი. მე ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხე მათი დაცვა. მე ბოდიშს ვუხდი მათი ოჯახის წევრებს. მე ბოდიშს ვუხდი 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაღუპული ვლადიმერ მასურაშვილის დედას, ქალბატონ ანას, რომელიც დღეს აქ დარბაზში იმყოფება. მინდა ასევე ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც წლების განმავლობაში გაუძლეს უდიდეს განსაცდელს, არ შეეშინდათ ტყვიის, ტერორის, მაგრამ დღეს გატყდნენ და იძულებული გახდნენ მათი თანამებრძოლების წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება. ბოდიში, რომ ვერ გიხსენით ამ ყველაზე დიდი განსაცდელისგან. და ბოლოს, დღეს, როდესაც ბევრი პოლიციელის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული, ბევრი განიცდის ზეწოლას, ბევრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ამ შენობაშიც მიმდინარეობს, მადლობელი ვარ განგების, რომ მაქვს პატივი დღესაც თქვენს გვერდით ვიჯდე, თუნდაც განსასჯელის სკამზე! თქვენს გვერდით დგომა ჩემთვის კვლავაც დიდი პატივია! ჩვენ ისტორიის წინაშე ეს პროკურორები ბრალს ვერ წაგვიყენებენ. ვერც ეს სასამართლო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ გაგვასამართლებს ისტორიის წინაშე. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ ამ ეპოქით, რომ გავაჩინეთ პირველი პრეცედენტი პოლიციის რეფორმირების. ჩვენი განაჩენი ისტორიამ უკვე გამოიტანა. არც ჩვენს წინამორბედებს და არც ჩვენს შემცვლელებს ბედმა არ არგუნა ეს ბედნიერება. წლების შემდეგ არავის ემახსოვრება არც პროკურორის სიტყვა, არც პროკურორის ბრალდება, არც მოწმეების ჩვენებები, არც ჩემი დაცვის არგუმენტები და არც მოსამართლის განაჩენი. ჩვენს საქმიანობას შეაფასებენ ძალიან მოკლედ - "ჩვენამდე" და "ჩვენს შემდეგ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ 2004 წლის ბოლოს, როდესაც შს მინისტრი გახდა, სხვების მსგავსად ფიქრობდა, რომ ქართული პოლიცია იყო არშემდგარი სახელმწიფოს ყველაზე ბნელი და საშინელი სტრუქტურა. მისი თქმით, შსს ასოცირდებოდა ადამიანების მასობრივი გატაცების და ფულის გამოძალვის ფაქტებთან, ნარკოტიკების მასობრივ გავრცელებასთან, ქრთამთან, "გაიშნიკებთან", "კანონიერ ქურდებთან", პოლიციის განყოფილებებში ადამიანების წამებასთან და მხოლოდ ნეგატიურთან.

"ყველაფერ ამას საქართველოში ვეძახდით "ძაღლობას" და ეს სიტყვაც დიდი ხანია გაქრა ჩვენი ლექსიკონიდან. დაახლოებით ასეთი იყო, ბატონო მოსამართლევ, პროკურორებო და დამსწრე საზოგადოებავ, მაშინდელი შეხედულება პოლიციაზე. მაშინ რომ მეთქვა თუ როგორ პოლიციას გადავაბარებდით ჩვენს შემცვლელებს 2012 წელს, ყველა გიჟად ჩამთვლიდა. მაშინ, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეთა უმეტესობას, მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიციის რეფორმა შესაძლებელი იყო. რომ შესაძლებელი იყო იმ პოლიციიდან, ამ პოლიციის შექმნა. ამ რეფორმებს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია და ათასობით მაშინდელმა პოლიციელმა, იშვიათ შემთხვევებში უსამართლოდაც, დაკარგეს სამსახური, სოციალური სტატუსი და სხვა სიკეთე. თუმცა, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, რომელიც შევარდნაძის ეპოქას თან ახლდა, ჩვენ არც ერთი პოლიციელი შევარდნაძის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის, ხაზს ვუსვამ - არც ერთი, პასუხისგებაში არ მიგვიცია. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ უფრო დიდი ამოცანების გადაჭრა დავისახეთ. მე და ჩემმა მეგობრებმა, ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით ვიცით, რომ რეფორმები ყოველთვის არაპოპულარულია. ყველა რეფორმიდან სარგებელს იღებს ზოგადად საზოგადოება, თუმცა მათ ჰყავთ კონკრეტული დაინტერესებული მოწინააღმდეგეები. ასევე, პოლიციის რეფორმისას, მოქალაქეთა უმეტესობამ იგრძნო კონკრეტული სიკეთე, ხოლო რეფორმისგან დაზარალებული ჩინოვნიკები კი რეფორმის ავტორების პირადი მტრები გახდნენ. ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. ეს მსოფლიო ისტორიის მთავარი გაკვეთილია. ბევრი შევარდნაძის დროინდელი ყოფილი ჩინოვნიკი დაბრუნდა დღევანდელ ხელისუფლებაში და ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს სწორედ ისინი კურირებენ", - განაცხადა მერაბიშვილმა სასამართლო სხდომაზე. 

ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესი 26 მაისის საქმეზე 19 ნოემბრისთვის გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე მერაბიშვილმა პროკურორების აცილება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, მერაბიშვილს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის წაუყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მერაბიშვილს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები