კალათბურთის ფედერაცია

რატიშვილი: ფიბას სახელმძღვანელო გვაძლევს რჩევებს და არ გვიწესებს კანონებს

worldsport.ge

სასტუმრო რადისონში, კალათბურთის ფედერაციის გემგეობის წევრები თბილისის კლუბებისა და საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელები. ამ ფაქტთან დაკავშირებით, აღმასკომის წევრებმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა შენგელიამ განაცხადეს, რომ კლუბები შეცდომაში პრეზიდენტობის მსურველი კიდევ ერთი კანდიდატის, მიხეილ ახვლედიანის მიერ არიან შეყვანილი.

კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას და ჟურნალისტებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ სპეციალურად გაკეთებული მინიშნება დოკუმენტის სახით გააცნო, რომელიც მიხეილ ახვლედიანის მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ახლანდელი კალათბურთის ფედერაციის წესდება გაუმართავია.

ფიბას სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ფედერაცია, ეროვნულ ფედერაციებს სხვადასხვა მიმართულებით მეგობრულ რჩევებს სთავაზობს, თუმცა ის მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათს ატარებს. 

"ფიბასგან ჩვენ მივიღეთ მკაფიო შეტყობინება, რომ ფიბას სახელმძღვანელო ეროვნული ფედერაციებისთვის, რომელზეც ხდებოდა ძალიან ბევრი აპელირება, არის მეგობრული რჩევები, რეკომენდაციები და არა კანონი, როგორც ამას ამტკიცებდნენ მავანნი. დღეს არ მოვიდნენ გარკვეული კლუბების წარმომადგენლები, ეს მათი ნებაა, თუმცა მე მაინც მიმაჩნია რომ ბოიკოტს ყოველთვის კონსტრუქცივიზმი ჯობია," - განაცხადა მერაბ რატიშვილმა.

კომენტარები