სააკაშვილი: სარკოზი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ცოცხალი და მოქმედი სიმბოლოა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და 2008 წლის ე.წ. სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების მნიშვნელობა იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სარკოზი არა მხოლოდ საფრანგეთის წარსულია, არამედ მთლიანად ევროპის მომავალიც.

"ეს ყველამ იცის. ამიტომ ამ ურთიერთობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა სარკოზისთან საუბარს სხვა მნიშვნელობაც აქვს. სარკოზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ცოცხალი და მოქმედი სიმბოლო. მაშინ, როცა ხელი მოაწერეს სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას და ჩვენ ამ პროცესში ვმონაწილეობდით, ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ბოლომდე დაცული. პრობლემა ის არის, რომ, თუ გასული წლის ოქტომბრამდე სარკოზის-მედვედევის შეთანხმებას ევროპელები და ამერიკელები რუსეთს, პრაქტიკულად, ყოველ კვირას ახსენებდენ, 1 ოქტომბრის შემდეგ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა ამ შეთანხმებაზე ლაპარაკი და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც მაშინვე შეწყვიტეს ამ ხელშეკრულების დაცვაზე საუბარი. ამიტომ ჩემი მეგობრული რჩევაა და, ვფიქრობ, ამას გაითვალისწინებენ კიდეც, რომ ეს შეთანხმება მუდმივად ვახსენოთ. რუსეთმა ვერაგულად დაარღვია შეთანხმება და ყოველდღიურად არღვევს მავთულხლართების გადმოწევითა და ჯარების კონცენტრაციით, მაგრამ საბოლოოდ, მას მოუწევს ამ ხელშეკრულების დაცვა. დღეს ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ საკითხებზე ყველამ ერთად გავამახვილოთ ყურადღება. ამას გარდა, აქ შევხვდი ნაციონალური ასამბლეის წევრებს. ჩვენ ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის და ამ სამიტამდე კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოვლას ვაპირებ. მაქსიმალურად ბევრი უნდა მივიღოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რისთვისაც უნდა გამოვიყენო ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები