საქართველოს მოქალაქეობა

ბარნოვი: საქართველოს მოქალაქეობის მსურველებს გაუგებარი უარით ისტუმრებენ

facebook.com/barnovi.official

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს გაუგებარ უარს ეუბნება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს, რომ ეს პრაქტიკა შეცვალონ.

"ბოლო პერიოდში ჩვენ მოგვმართავს ბევრი ადამიანი განცხადებით. მათ იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის თაობაზე მიმართეს და იქიდან ბრუნდებიან სრულიად გაუგებარი უარით. აქ არიან ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც აქამდე არასდროს არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სურთ გახდნენ მოქალაქეები. აქ არიან ჩვენი ყოფილი მოქალაქეები, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს და ამის გამო დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და ახლა სურთ აღდგენა. ამ ადამიანთა რიცხვში არიან უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც დიდი ხანია საქმიანობენ საქართველოში, აქვთ სურვილი, რომ მიიღონ მოქალაქეობა და კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ საქმიანობა. აქ არიან სხვა ბიზნესმენები, რომლებსაც ახლა უნდათ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყონ ბიზნესი. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და წინსვლას", - განაცხადა ბარნოვმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს პასუხები გასცეს ამ ადამიანებს, თუ რატომ ეთქვათ მოქალაქეობაზე უარი. 

"ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ეუბნება ამ ადამიანებს უარს იუსტიციის სამინისტრო, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც არანაირი დასაბუთებული საფრთხე ამ ადამიანებისგან არ მომდინარეობს. ჩვენ ვცდილობდით, რომ ეს ადამიანები პასუხებით დაგვეკმაყოფილებინა. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს, რომ გადახედონ ამ პრაქტიკას და ერთხელ და სამუდამოდ, უარი ვთქვათ გაუგებარ გადაწყვეტილებებზე და მივცეთ ჩვენ ქვეყანას საშუალება, რომ გავხდეთ მაქსიმალურად ინტეგრირებულები გარე სამყაროსთან", - ამბობს ბარნოვი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბრის და 21 ოქტომბრის ბრძანებულებებით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა თურქეთის 2023 მოქალაქეს. ამასთან, სააკაშვილმა 14 ოქტომბერს ადაფაზარის რაიონის ქალაქ საქარიასა და გოლჯუკის სოფელ ნუსეითში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებდა. 

"ამ დღეებში, კიდევ 3000 ჩვენს სისხლს და ხორცს, ჩვენს თანამემამულეს გადაეცემა საქართველოს მოქალაქეობა. უახლოეს კვირებში კი დამატებით ათასობით ჩვენი თანამამულე, რომელიც საუბრობს ქართულად, თავს გრძნობს ქართველად, უყვარს საქართველო, უნდა, რომ საქართველოს რამეში დაეხმაროს, ყველა მიიღებს ჩვენგან მოქალაქეობას", - თქვა პრეზიდენტმა. 

კომენტარები