ჟენევის მოლაპარაკებები

ხვალ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება

mfa.gov.ge

ხვალ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 25-ე რაუნდი იწყება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ტრადიციულად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.

შეხვედრის პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია განიხილავს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის საკითხს და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის თაობაზე. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მხარეები ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

"საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სავალალო ვითარებასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ჯარის არალეგალური პოლიტიკითა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებისა და მიწათხრილების მოწყობით", - აცხადებს საგარეო უწყება.

კომენტარები