გამოხატვის თავისუფლება

თათული თოდუა: არის საფრთხე, ეს კანონი უმრავლესობის უფლების დასაცავად გამოიყენონ

თათული თოდუა
ჟურნალი თბილისელები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი, იურისტი თათული თოდუა კრიტიკულად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც სხვისი რელიგიური გრძნობების საჯაროდ შეურაცხყოფისთვის პირის დაჯარიმებას ითვალისწინებს. იურისტის მოსაზრებით, ეს აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას.

- რა პრობლემას ხედავთ ამ კანონპროექტში?

- პრობლემა ამ შემთხვევაში ორი ტიპისაა - პროცედურული და შინაარსობრივი. პროცედურები გვეუბნება როგორი ხელისუფლება გვყავს, რამდენად უსმენს ის ხალხს, რამდენად გრძნობს ანგარიშვალდებულებას და რამდენად არის მომართული იქითკენ, რომ სწორედ საზოგადოებასთან კონსულტაციით, სპეციალისტების მოსმენისა და საჯარო დისკუსიის შედეგად მიიღოს ცალკეული გადაწყვეტილებები. ძალიან სამწუხაროა, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი ნება ვერ დავინახეთ. კანონპროექტის ავტორია შსს, ხოლო ინიციატორია საქართველოს მთავრობა. თავდაპირველად ინიცირებულ ვარიანტში ეს მუხლი არ იყო, შესაბამისად, განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი ამ მუხლთან დაკავშირებით. ეს კანონპროექტში ივნისშია ინიცირებული და მხოლოდ ახლა, ნოემბერში, მეორე მოსმენის ეტაპზე გაჩნდა სრულიად ახალი ნორმა, რომელთან დაკავშირებითაც დასაბუთების ნაკლებობა არსებობს, ძალიან ბევრი კითხვა არის და ძალიან მიუღებელია ამ პროცედურების დარღვევა.

- პარლმანეტში მოისმინეთ თუ არა რაიმე განმარტება კანონპროექტში ამ მუხლის დამატებასთან დაკავშირებით?

- ჩვენ ასეთ განმარტებას არ ვიცნობთ, გვაქვს შეკითხვები: რატომ აირჩია ინიციატორმა პარლამენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ეს გზა? ბოლო წუთამდე რატომ იყო მიჩქმალული ეს ნორმა? როგორია ამ ნორმის შექმნის ისტორია? ვის მოუვიდა ეს იდეა თავში, რომელი ფაქტები გაითვალისწინა შსს-მ, როცა ამ ნორმას ქმნიდა? რომელ ჯგუფებთან გაიარა კონსულტაცია, ხომ არ იყო ეს ის შემთხვევა, როცა შსს-ს მხოლოდ ერთ სუბიექტთან ჰქონდა ექსკლუზიური თანამშრომლობა, მაგალითად, მართლმადიდებელ ეკლესიასთან? ჩვენ გვაქვს ეს კითხვები, რომელიც უნდა იყოს პასუხგაცემული. მით უმეტეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის კონტექსტი, რომელშიც ჩვენ ახლა გვიწევს ყოფნა.

- რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, რა პრობლემებს ქმნის ეს საზოგადოებისთვის?

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავ საკმაოდ ბევრ რელიგიურ კონფლიქტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთმანეთთან დაუკავშირებელ ტერიტორიაზე. მეზობლები, რომლებსაც ერთ დროს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, რელიგიურ ნიადაგზე უპირისპირდებიან ერთმანეთს, ხელს უშლიან უმცირესობების რელიგიურ საქმიანობას, ჩვენ კი ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცავების მხრიდან ჯეროვანი ქმედებები არ გვინახავს.

გვახსოვს იგივე 17 მაისის საქმე, როცა სასულიერო პირები იყვნენ ჩართული გადაცდომებში და ადეკვატური რეაგირება არც ამ შემთხვევაში არ ყოფილა. ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ ჩნდება ეჭვები, რომ ეს მუხლი იქნება გამოყენებული რელიგიური უმრავლესობის უფლებების დასაცავად.

ჩვენ ბოლო დროს ამ დისკურსში არაერთხელ მოვისმინეთ და ვნახეთ უმრავლესობის დაცვის ლოზუნგით უმცირესობის უფლებების შეზღუდვა და ჩარევა. სწორედ უმრავლესობის უფლებების დაცვაზე საუბრობდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, როცა საქმე ეხებოდა ნიგვზიანში არსებულ კონფლიქტს, ამაზე საუბრობდნენ სასულიერო პირებიც და ბუნებრივია, აქედან გამომდინარეობს ეს შიშები, მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთ სენსიტიურ საკითხზე ასეთ მანევრირებას აკეთებს ხელისუფლება.

- როგორ შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია გამოხატვის თავისუფლების კუთხით ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოხატვის თავისუფლების მხრივ აქ არის სერიოზული რისკები. თუ მღვდელმსახურის, მორწმუნის მიმართ ხდება სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, რაც ზოგადი ჩანაწერია, ამ მუხლის მიხედვით სამართალდამცავები გამოიყენებენ ადმინისტრაციულ ჯარიმას. ამ მუხლში ასევე საუბარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, რაც ძალიან ზოგადი ჩანაწერია და სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის საილუსტრაციოდ გავიხსენებდი ერეკლე დეისაძის ნაწარმოებს "საიდუმლო სირობა". ეს კანონი მაშინ ძალაში რომ ყოფილიყო, მის ავტორს თავისუფლად შეიძლებოდა დაკისრებოდა ჯარიმა. სწორედ ამიტომ, ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის - შემოქმედებას, ხელოვნებას.

ეს არის გარკვეული ცენზურის დაწესების მცდელობა, რამაც შეიძლება გამყინავი ეფექტი მოახდინოს ადამიანებზე, რომ მათ ისარგებლონ თავიანთი გამოხატვის თავისუფლებით, თავიანთი შემოქმედება განავითარონ სასურველი მიმართულებით. ამასთან, საჯარო გამოხატვა არ გულისხმობს მხოლოდ ვერბალურ ტექსტს, შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს გამოხატვის ნებისმიერ ფორმაზე, მათ შორის წერილობითზე, ნახატზე, ფოტოზე, ვიდეოზე, ფეისბუქის პოსტზეც კი, რადგან ფეისბუქი უკვე დიდი ხანია საჯარო სივრცე გახდა. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ეს ცვლილება მიუღებელია.

 

კომენტარები