საკონსტიტუციო ცვლილებები

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ინაუგურაციის შემდეგ გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის თბილისში გადმოტანასა და კონსტიტუციური კვორუმის ცვლილებების განხილვას პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გააგრძელებს. დღეს პარლამენტს ორივე კანონპროექტისთვის კენჭი უნდა ეყარა, მაგრამ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ინიციატივები დღის წესრიგში არ დადგა. პარლამენტის შენობასთან შეკრებილ მოსახლეობას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადატანას აპროტესტებდა, გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააცნეს. 

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, კანონპროექტები დასახვეწია და მის განხილვას ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებენ. უმცირესობის შეფასებით კი, მმართველმა პარტიამ ზეწოლის მიუხედავად, კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. 

"კონსტიტუცია არ არის ის დოკუმენტი, რომლის ძალიან სწრაფად მიღება შეიძლება. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, პირველ რიგში, ვენეციის კომისიის დასკვნა. ჯერ კიდევ მიდის პროცესი, რომ ამ დასკვნასთან შესაბამისობაში მოვიდეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ ვიჩქაროთ. უფრო სწორი იქნება, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოვუბრუნდეთ თემას", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე. 

 

კომენტარები