რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებთ სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
"27 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით, მომდევნო კონსულტაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჟენევის პროცესის შემდგომი პერსპექტივების თვალსაზრისით. მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაჩაღებულმა ხმაურიანმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით, ჟენევის შეხვედრებზე თბილისის ჭეშმარიტ განზრახვებზე დაგვაფიქრა. დღის წესრიგის პრიორიტეტად კვლავაც რჩება საქართველოს მიერ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან ძალის არგამოყენების შესახებ“, - ნათქვამია რუსული საგარეო უწყების განცხადებაში.
ოფიციალური მოსკოვი ასევე აღნიშნავს, რომ ჟენევის დისკუსიებზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის რეჟიმის თაობაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების, ასევე თავად დისკუსიების დღის წესრიგისა და საორგანიზაციო საკითხების დაყენებას აპირებს.
პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მოსკოვის დაინტერესებას ჟენევის დისკუსიების გაგრძელებით დადებითად აფასებს, თუმცა მოლაპარაკების შედეგების შესახებ პროგნოზისგან თავს იკავებს.
ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 5-6 ნოემბერს ჟენევაში გაიმართება.





