ერთიანი ეროვნული გამოცდები

მიმინოშვილი: უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატება

მაია მიმინოშვილი
ირაკლი ბლუიშვილი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2014 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატება. მიმინოშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე სიახლეებზე ისაუბრა და თქვა, რომ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. 

მიმინოშვილის განცხადებით, იგეგმება, უცხო ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს დავალება. როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ეს ძალიან მარტივი იქნება და ბარიერის გადალახვაზე ზეგავლენას არ მოახდენს. 100-ქულიან ტესტში მოსმენის ნაწილს 8 ქულა დაეთმობა.

მიმინოშვილის თქმითვე, ეს გარკვეულ ლოგისტიკურ ცვლილებებსაც მოითხოვს და ამის გამო, შესაძლოა, საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაიზარდოს.

უცხო ენის გამოცდის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი სკოლებს ხვალიდან დაეგზავნებათ. ასევე, განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. CD-დისკებს სკოლები ნოემბრის დასაწყისში მიიღებენ. 

კომენტარები