საქართველოს მთავრობა იმ ისტორიული არჩევანის ერთგული რჩება, რომელიც ქართველმა ხალხმა საუკუნეების წინ გააკეთა - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩავატარეთ, ევროპული საარჩევნო სისტემის სტანდარტებს შეესაბამება, რაც ჩვენთვის საამაყოა. შემდგომი ჩვენი ნაბიჯი იქნება ვილნიუსის სამიტი, სადაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას შევუერთდებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობას შეეხო და აღნიშნა, რომ „რუსეთი ძლიერი მეზობელია, რომელთანაც უამრავი პრობლემა გვაქვს. ვცილობთ, ჯერჯერობით წარმატებით, ტემპერატურის დაწევას ორმხრივ ურთიერთობებში, სავაჭრო კავშირების გაფართოებას. მაგრამ ის (რუსეთი) მაინც პრობლემატურ საკითხად რჩება ჩვენს საგარეო პოლიტიკაში“.
„ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვჭირდება იმ ტერიტორიების არაღიარების საკითხებში, რომლებიც 2008 წელს იქნა ოკუპირებული“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს წინაზე უფრო მეტად დაბალანსებული კონსტიტუცია ექნება, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი აღარ უხელმძღვანელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ძალაუფლება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის უფრო სწორადაა განაწილებული.
მარგველაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ოლიტიკიდან წასვლა სწორედ „დაბალენსებული დემოკრატული სისტემის“ შექმნის სურვილს უკავშირდება, რომელიც „არა მესიების, არამედ საზოგადოების სამსახურში მყოფი პოლიტიკოსების კონცეფციას“ დაეფუძნება.





