თვითმმართველობის კოდექსი

თვითმმართველის სტატუსს ის ქალაქებიც შეიძენენ, სადაც მოსახლეობა 15000-ზე მეტია

საქართველოს მთავრობამ დღეს თვითმმართველობის კოდექსი დაამტკიცა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა იზრდება. ნაცვლად დღეს არსებული 5 ქალაქისა (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი), თვითმმართველის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობა 15 000-ზე მეტია - როგორიცაა ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და ა.შ.

თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მუნიციპალიტეტი ფორმირდება. სამინისტროს ცნობით, თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლიც არჩევითი იქნება.

კოდექსის მიხედვით, სოფლებში საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნება, რომელიც სოფლის მცხოვრებთა რეალური საჭიროების გამოვლენასა და მათ გადაწყვეტას ხელს შეუწყობს.

ასევე, კოდექსის თანახმად, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც საკრებულოს წევრები იქნებიან წარმოდგენილი. აღნიშნული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში იქნება ჩართული.

კომენტარები