მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში

პოლსკა შტანგა: ქართველები მსოფლიოს ჩემპიონატზე დოპინგ სკანდალში გაეხვნენ

მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატი ძალოსნობაში
allthingsgym.com

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. ტურნირმა მოულოდნელად ქართველი სპორტსმენების გარეშე ჩაიარა, ოფიციალური მიზეზი კი ამ დრომდე უცნობი რჩება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურნირზე ოთხი ქართველი ძალოსანი: შოთა მიშველაძე (69კგ), გიორგი ლომთაძე (77კგ), ალბერტ კუზილოვი (105კგ) და ლაშა თალახაძე (+105კგ) იასპარეზებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფიცარნაგზე არცერთი მათგანი არ გამოსულა.

პოლონური ვებგვერდი პოლსკა შტანგა, რომელიც ძალოსნობაზეა ორიენტირებული, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვებგვერდის ცნობით, ქართველმა და ტუნისელმა ძალოსნებმა ტურნირზე მონაწილეობა დოპინგსკანდალის გამო ვერ მიიღეს. კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ის ტუნისელი სპორტსმენები, ვინც დოპინგის ტესტი ვერ გაიარეს, თუმცა როგორც პოლონელები წერენ, იმ ქართველი ძალოსნების ვინაობა ვის სისხლშიც აკრძალული პრეპარატი იქნა ნაპოვნი, მათთვის უცნობია.

 როგორც ტაბულასთან საუბარში ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ოფიციალური განცხადება მომავალ კვირაში გაკეთდება. მათი თქმით პრობლემა შეიქმნა ტურნირზე სპორტსმენთა დაშვებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ განცხადებას ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ბეჟუაშვილი გააკეთებს.

კომენტარები