2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნები

ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებით მარგველაშვილი 61.9%-ით ლიდერობს

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) დღეს გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი მარგველაშვილი - 61.9%, დავით ბაქრაძე - 21.8%, ნინო ბურჯანაძე - 10.2%, შალვა ნათელაშვილი - 2.8%, გიორგი თარგამაძე - 1.1%, კობა დავითაშვილი - 0.7%, ყველა სხვა კანდიდატი - 1.5%. ამ მონაცემთა ცდომილება მაქსიმუმ +/- 7%-ია.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისია 1200 აკრედიტებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, რომლებიც გადანაწილებული იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში.

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, არჩევნების დღეს ორგანიზაცია დააკვირდა საერთაშორისოდ აღიარებული, მოწინავე მეთოდოლოგიით - ხმების პარალელური დათვლის (PVT) საფუძველზე. ორგანიზაციამ მიავლინა 800 PVT დამკვირვებელი ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ უბნებზე ყველა (73) საარჩევნო ოლქში.

სამართლიანი არჩევნების განცხადებით, ხმების პარალელური დათვლა იძლევა საშუალებას, მაღალკვალიფიციური დამკვირვებლების მიერ შეფასდეს კენჭისყრის და ხმის დათვლის პროცესები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური შედეგები. ეგზითპოლისგან განსხვავებით, PVT არ გულისხმობს ამომრჩევლის გამოკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მისცეს ხმა. PVT დამკვირვებლები აფიქსირებენ იმ ოფიციალურ მონაცემებს, რაც ცხადდება სტატისტიკურად შერჩეულ საარჩევნო უბნებზე. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ოფიციალური შედეგების შესახებ ექვემდებარება დეტალურ გადამოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების განსაზღვრა.

"ძირითადად, არჩევნების დღის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა პროცედურული ხასიათისაა. არჩევნების დღის პროცესის მნიშვნელოვან ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის ფაქტები და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით ბათუმში გამოვლენილი პრობლემები", - აცხადებს სამართლიანი არჩევნები.

ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი დარღვევების უმრავლესობა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა 12 საარჩევნო უბანი, სადაც პროცედურულ დარღვევებს მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა. აღნიშნული უბნებია: მთაწმინდის #25, ჩუღურეთის #2 და #20, დედოფლისწყაროს #23, ბოლნისის #47, დუშეთს #31 და #45, ხარაგაულს #13, ზესტაფონის #26, ზუგდიდის #99, ქობულეთის #14 და შუახევის #21 საარჩევნო უბნები.

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამართლიანი არჩევნები დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. სამართლიანმა არჩევნებმა სრულად მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 100%-ისგან.

ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 46.9% (+/- 0.9% ცდომილების ხარისხით 95%-იანი სანდოობით). თბილისის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 48.2%, ხოლო რეგიონებში - 46.4%. ეს მონაცემი არის საგრძნობლად შემცირებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით მიაღწია 60.9%-ს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 98.5%-ზე ხმის დათვლის პროცესმა ჩაიარა ინციდენტების გარეშე, რაც წარმოადგენს გაუმჯობესებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით - წინა წელს აღნიშნული მონაცემი 96.1% იყო.
 
ISFED-ის ცნობით, საარჩევნო უბნების 99.8%-ზე, საარჩევნო მასალები საოლქო საარჩევნო კომისიებში გადასაგზავნად დაილუქა კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 2012 წელს საარჩევნო მასალები სათანადოდ დაილუქა საარჩევნო უბნების 98.0%-ზე.
 
საარჩევნო უბნების 1.9%-ზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიებში. იმ საარჩევნო უბნების 86.7%-ზე, სადაც მათმა დამკვირვებლებმა წარადგინეს საჩივარი, საარჩევნო ადმინისტრაციამ საჩივრების რეგისტრაციის პროცესი კანონის შესაბამისად განახორციელა. 
 
ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარტიული წარმომადგენლები განთავსებული ჰყავდათ უბნების 81.1%-სა და 78.3%-ზე. 2012 წელს მოცემული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ უბნების 93.8%-სა და 90.2%-ზე.

 

კომენტარები