2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნები

კოჟორიძე: ორმაგი მოქალაქეობის თემა წინასაარჩევნო კამპანიის ხარვეზი იყო

timer.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. მისი თქმით, უწყებათაშორისმა კომისიამ მოვალეობას თავი გაართვა და ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეიმუშავა.  უწყებათაშორის კომისიაზე თითოეული დარღვევისას, როგორც პარტიებს, ასევე დამკვირვებლებს პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ. კოჟორიძის განმარტებით, იყო შემთხვევა, როდესაც უწყებათაშორისი კომისია საქმესთან დაკავშირებით დეტალების გასაცნობად შემთხვევის ადგილზე გავიდა.

"თუმცა ერთი თემა, რაც ჩრდილს აყენებს უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას არის ის, რომ რამდენიმე სხდომაზე დაფიქსირდა კომისიის თავმჯდომარესა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს შორის გარკვეული შელაპარაკება, რომელიც პოლიტიკურ დეპატებში გადაიზრდებოდა ხოლმე და ცხადია, ეს არ არის სასურველი. მე არ ვამბობ, რომ ამის გამო უწყებათაშორისი კომისია არაობიექტური იყო, თუმცა არაობიექტურობა და მიუკერძოებლობა ასევე გულისხმობს გარეგნულ შეფასებას, ამიტომ შესაძლებელია ეს ფაქტი ცუდ აღქმას ტოვებდა გარე თვალისთვის. სასურველია, თუ ასეთ ფაქტებს აღარ ექნება ადგილი", - თქვა კოჟორიძემ.

კოჟორიძემ ცესკოს საქმიანობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის გადაწყვეტილებამ საარჩევნო პერიოდში გადადგომის თაობაზე, ცესკო-ს საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა. მან ასევე თქვა, რომ ცესკო-მ არასწორად განმარტა საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია, როდესაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, სალომე ზურაბიშვილს, ზურაბ წიწუაშვილს და სხვებს კანდიდატად რეგისტრაციის საშუალება არ მისცა. კოჟორიძის თქმით,  ორმაგი მოქალაქეობის თემა იყო მნიშვნელოვანი ხარვეზი წინასაარჩევნო კამპანიისას.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო მედიაცენტრში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს.

კომენტარები