არჩევნები 2013

ივანიშვილი: მეორე ტური გამოაჩენდა, რომ ქართველებს არ აქვთ მადლიერების განცდა

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე აბსოლუტური სიბრძნე გამოამჟღავნა.

"ძალიან ძლიერ ხალხი ვართ, ვიმსახურებთ ყველაფერს კარგს და მივიღებთ კიდეც.  როდესაც სკეპტიკოსები საოცარ კითხვებს სვამდნენ, მე, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას ვგრძნობდი, რომ არ ესმოდათ ქართველი ხალხის. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე ტური არ იქნებოდა. ეს იქნებოდა ტრაგედია ჩემთვის. მეორე კი არა, მეასე ტურიც რომ იყოს, სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ქვეყანას თავზე შემოვევლები, მაგრამ მეორე ტური გამოაჩენდა, რომ ქართველ ხალხს არ აქვს მადლიერების განცდა. ეს არ მინდოდა. განა ვერ გავიმარჯვებდით, გამარჯვება არსად წავიდოდა, მაგრამ მე მინდოდა გამეგონა და დამენახა, რომ სწორად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, სწორად გგრძნობთ მე თქვენ. ძალიან მიყვარხართ და თქვენ ამ სიყვარულს იმსახურებთ" - მიმართა ივანიშვილმა ამომრჩეველს.

ცნობისთვის, წინასაარჩევნოდ, პრემიერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი 60%-ზე ნაკლებს მიიღებდა, ის იმედგაცრუებას იგრძნობდა და ხალისი დაეკარგებოდა. ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ მარგველაშვილს ურჩევდა, მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილეობა არ მიეღო.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანული კომპანია GFK-ს ჩატარებული ეგზითპოლის მონაცემებით,  გიორგი მარგველაშვილს ხმების 66.7% აქვს, დავით ბაქრაძეს 20.2%, ნინო ბურჯანაძეს 7.5%.  ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია ACT ჯგუფის მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე  გიორგი მარგველაშვილმა ხმების 68,0%  მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 17,1%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 9,9%.

 

კომენტარები