არჩევნები 2013

TI-ს დამკვირვებლებმა ამ დროისათვის, 29 საჩივარი დაწერეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ 16:00 საათის მონაცემებით, 50-მდე დარღვევა დააფიქსირა. TI-ს დამკვირვებლებმა ამ დროისათვის, 29 საჩივარი დაწერეს.

ორგანიზაციამ 12:00-16:00 შუალედში რამდენიმე სახის დარღვევა დააფიქსირა. კერძოდ, ხმის მიცემა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე და მარკირების პროცედურების დარღვევით, დაპირისპირება საარჩევნო უბანზე, გადასატან ყუთებთან დაკავშირებული დარღვევები, პრობლემა სპეციალურ უბანზე, ხარვეზიანი სიები და უბნის დროებითი დახურვა. 

"ქუთაისის საარჩევნო ოლქის 112-ე და 120-ე უბნებზე იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაბამისი მოწმობის გარეშე მისცეს ხმის მიცემის საშუალება. ასევე, ქუთაისის საარჩევნო ოლქის 120-ე უბანზე ამომრჩეველს პირადობის მოწმობის ქსეროასლით მიაცემინეს ხმა. მარტვილის საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის ორმა წარმომადგენელმა არ გაიარა მარკირება, არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მითითებას და ხმა მისცეს მარკირების გარეშე. ამავდროულად, ეს პირები უხეშად ესაბრებოდნენ რეგისტრატორებსა და კომისიის წევრებს. კრწანისის საარჩევნო ოლქის 26-ე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის მომავლის არჩევანის წარმომადგენელმა ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის სასარგებლოდ აგიტაცია გასწია, მას შენიშვნა მისცა არასამთავრობო ორგანიზაციიის ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის წარმომადგენელმა. ამის შემდეგ, ისინი გავიდნენ გარეთ და მომავლის არჩევანის წარმომადგენელს რამდენიმე ადამიანმა სცემა. თელავის საარჩევნო ოლქის 35-ე საარჩევნო უბანში გადასატან საარჩევნო ყუთს თან გააყოლეს ამ ყუთის სიაში მყოფი ხუთი ამომრჩევლის პირადობის მოწმობა. უცნობია, თუ საიდან მოხვდა საარჩევნო კომისიაში ამ პირების პირადობის მოწმობები. მცხეთის საარჩევნო ოლქის 33-ე უბანზე ხმის მიცემა დაახლოებით ნახევარი საათით შეჩერდა და უბანი დაიკეტა. ამის მიზეზი ის იყო, რომ კომისიის წევრები აგვარებდნენ გადასატან ყუთთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, ადგენდნენ სიას" - აცხადებს TI. გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბათუმის საარჩევნო ოლქის 51-ე უბანზე 80-მდე ადამიანმა საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა. ხოლო ვაკის საარჩევნო ოლქში მე-80 სპეციალურ უბანზე (სასჯელაღსრულების დეპარტამენტი) საარჩევნო ყუთი არ იყო სათანადოდ დალუქული და სტაციონალურმა დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივრები.

"ადგილზე მივიდა ჩვენი მობილური ჯგუფი და პარალელურად, უბანზე მივიდნენ საოლქო კომისიის წევრები, რომლებმაც დროებით შეაჩერეს ხმის მიცემის პროცედურა. ამის შემდეგ მათ დალუქეს საარჩევნო ყუთი და გაგრძელდა ხმის მიცემის პროცედურა. საბოლოოდ, მათ და საუბნო კომისიის თავჯდომარემ დაწერეს შესაბამისი შენიშვნა. ხმის მიცემის პროცესის შეჩერებამდე, უბანზე ხმა მიცემული ჰქონდა 100 ამომრჩეველს და სიაში დარჩენილი იყო 55 ამომრჩეველი. ამასთანავე, საოლქო კომისიის წევრების განმარტებით, აღნიშნული უბნიდან შემაჯამებელი ოქმისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ, საოლქო კომისია უბნის ბათილობაზე იმსჯელებს" - აცხადებს საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველო. 

TI-მ რამდენიმე საათის წინ, საარჩევნო დღის 07:00-12:00 მონაკვეთიც შეაფასა. საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უფრო მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება.

კომენტარები