არჩევნები 2013

კოჟორიძე: არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს 10 საჩივარი აქვთ დაწერილი

არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ამ ეტაპზე 10 საჩივარი აქვთ დაწერილი, - ამის შესახებ მედიაცენტრში გამართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, საიას დამკვირვებლებმა ჩანაწერის წიგნში დამატებით კიდევ 13 შენიშვნა დააფიქსირეს.

კოჟორიძის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ამ ეტაპზე იქნა გამოვლენილი, უბნებზე დამკვირვებლების შეშვებასთან დაკავშირებული პრობლემა იყო. მისი თქმით, დილის 07.00 საათიდან 08.00 საათამდე საიას დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ უბნებში შესვლასთან დაკავშირებით. მსგავის პრობლემა იყო 7 უბანზე, მათ შორის ოთხი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნებია (სპეცუბნები): მთაწმინდის ოლქის #40 უბანზე, სამგორის #119 უბანზე და გორის ოლქის #109 უბანზე საიას დამკვირვებლებს შესვლისას პირადობის მოწმობებს გარეთ ატოვებინებდნენ, ხოლო შიგნით უბანზე შესულებს პირადობის მოწმობის გარეშე არ უშვებდნენ. ცესკოს დახმარებით აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა. პრობლემები შეექმნა საიას დამკვირვებელს დიდუბის #57 უბანზე შესვლასთან დაკავშირებით. მას განუცხადეს, რომ საიას და სხვა სადამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელზე სადამკვირვებლო მოწმობა გაცემული იყო ერთი და იმავე კოდით და ამიტომ საიას დამკვირვებელს ვერ შეუშვებდნენ. მსგავსი პრობლემა შეექმნა საიას დამკვირვებელს ხაშურის #53-ე უბანზე. მას განუცხადეს, რომ ამ უბანზე საიას სხვა დამკვირვებელზე უკვე გაცემული იყო დამკვირვებლის მოწმობა. დაფიქსირდა კიდევ 2 შემთხვევა, როდესაც დამკვირვებელს არ უშვებდნენ უბანზე იმის გამო, რომ მათ უბანზე გამოცხადება დააგვიანდათ. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა დიდუბის #12 უბანზე და გლდანის #18 უბანზე. "დამკვირვებლებს შესასვლელში პირადობის მოწმობას ატოვებინებდნენ, უშუალოდ უბანზე შესვლის დროს კი მას თხოვდნენ, ბუნებრივია, პირადობის მოწყობა აღარ ჰქონდათ, რის გამოც უბანზე აღარ უშვებდნენ. ჩვენ ცესკოს დავუკავშირდით და ეს პრობლემა მოგვარდა", - აღნიშნა კოჟორიძემ. 

მისივე განმარტებით, ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს წილისყრის დროს, ასევე საკონტროლო ფურცლების შევსებისას. წილისყრის პროცედურების დარღვევა საბურთალოს #67 და #3 უბნებზე აღირიცხა: საბურთალოს #67-ე უბანზე კომისიის მდივანმა კომისიის წევრი დაარეგისტრირა წილისყრის გარეშე რეგისტრატორად. საბურთალოს #3 უბანზეც მსგავსი სიტუაციაა. დიდუბის #53 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ცდილობდა, თვითნებურად გაეცვალა ფუნქცია და გაყოლოდა გადასატან ყუთს. ბაღდათის #23 უბანზე თვითნებურად გაცვალეს ფუნქციები კომიიის წევრებმა.

საკონტროლო ფურცლების შევსების დარღვევა საბურთალოს ოლქის #76 უბანზე, ქუთაისის #65, სამგორის #97 და ისნის #45 უბნებზე აღირიცხა. კერძოდ, #76 უბანზე დაავიწყდათ დროის მითითება საკონტროლო ფურცელზე. ხოლო ქუთაისის #65-ე, საბურთალოს #76-ე, სამგორის #97 და ისნის #45 უბნებზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე ჩააგდეს საკონტროლო ფურცელი. 
უბნები დაგვიანებით გაიხსნა დუშეთის ოლქში (#52 და #1). ამის მიზეზად, კოჟორიძის განმარტებით, მარკირების შემოწმების გაფუჭებული ხელსაწყოები დასახელდა. 

საერთო ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დილის 9 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. 

კომენტარები