არჩევნები 2013

ცესკო: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე თქვა, დილის 08:00 საათიდან თითქმის ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ უკავშირდებიან მესტიის ორ საარჩევნო უბანს. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, კომისია დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგს გამართავს და მედიას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.

"ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მხოლოდ ორ საარჩევნო უბანს ვერ ვუკავშირდებით, რომელიც მესტიაში მდებარეობს. დღის განმავლობაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 24-საათიან რეჟიმში. მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი 2 51 00 51, ონლაინ-ჩატი და ონლაინ-ოპერატორი", - განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველას აქტიური მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრის პროცესში.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება.

 

 

კომენტარები