2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნები

გიგაური: წელს წინასაარჩევნო მედიაგარემო უფრო პლურალისტური და თავისუფალია

transparency.ge

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო მედიაცენტრში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, 2012 წელთან შედარებით, მედიაგარემო  უფრო პლურალისტური და თავისუფალია. მოსახლეობას არ აქვს ბარიერი, რომ განსხვავებულ მედიასაშუალებებთან წვდომა ჰქონდეს.

თუმცა, გიგაურის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებს მოუმზადებელი შეხვდა.

"ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მომზადებული ვერ შეხვდა წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნებს. ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, იყო საფუძველი იმისა, რომ შეიქმნა არხზე კრიზისი. დღეს მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ფუნქციონირებს, თუმცა მაინც მათი მუშაობა ეფექტური არ არის ზუსტად იმიტომ, რომ მაუწყებელზე არის კრიზისი", - თქვა ეკა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, მედიასაშუალებები ცალსახად კარგად აშუქებენ წინასაარჩევნო კამპანიას და ყველა მედიასაშუალება ცდილობს, მიუკერძოებელი იყოს.

ეკა გიგაურმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მუშაობაც შეაფასა და თქვა, რომ, სამწუხაროდ, აუდიტის სამსახური ძალიან აქტიური არ იყო.”უწყება უფრო ეფექტური და აქტიური უნდა ყოფილიყო.”

 

კომენტარები