2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნები

თარგამაძე: ვისაც საქართველოს განვითარების კორექტირება სურს, არჩევნებზე მოვიდეს

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელები სასტუმრო რედისონში საპრეზიდენტო კანდიდატებს ხვდებიან. ისინი უკვე შეხვდნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატ გიორგი თარგამაძეს. თარგამაძის თქმით, საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებსა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს ეხებოდა.

"ევროპელ პოლიტიკოსებს აქვთ შეკითხვები, რა გზით მიდის საქართველო; რა ელის მას არა მხოლოდ საპრეზიდენტო, არამედ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების კუთხით, მხედველობაში მაქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. აინტერესებთ, მოახერხებს თუ არა ხელისუფლება თავისი ერთიანობის შენარჩუნებას. რა ფორმით იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრი წარმოდგენილი მომავალ პოლიტიკურ პროცესებში და როგორი იქნება თუნდაც თვითმმართველობის არჩევნები, რომლის არც შინაარსი, არც არჩევის წესი, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, რაც მეტყველებს ქართული პოლიტიკური პროცესის განვითარების არასტაბილურობაზე", - თქვა თარგამაძემ.

თარგამაძე ამომრჩევლებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა მიღონ.

"არჩევნებამდე დარჩენილია ერთი დღე და ყველამ, ვისაც აქვს სურვილი საქართველოს განვითარების კორექტირება მოახდინოს ევროპული მიმართულებით ისე, რომ ყველა ძირითადი პრობლემა აღმოვფხვრათ, მოვუწოდებ, მოვიდნენ არჩევნებზე", - აღნიშნა თარგამაძემ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელები ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით ბაქრაძეს, უკვე შეხვდნენ.

კომენტარები