ოკუპირებული ტერიტორიები

შსს: დე-ფაქტო ცხინვალის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დარღვევაა

Police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის მიერ, საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე, შეშფოთებას გამოთქვამს.

შსს-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 18 ოქტომბერს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებთან დაისვა საკითხი, რომ 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მისცემოდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება, მათ, სამწუხაროდ, თხოვნა არ გაითვალისწინეს და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება ე.წ. გამშვებ პუნქტებზე სრულად შეზღუდეს.

”შსს მკაცრად გმობს დე-ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების, არჩევანის გაკეთების პირდაპირი შეზღუდვა და შესაბამისად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევა.” - წერია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტრო  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, ”გადახედოს მათ მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას და არ მოუსპოს ოკუპაციის ხაზის მიღმა დარჩენილ საქართველოს მოსახლეობას დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება.”

ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა გუშინ საქართველოსთან დამაკავშირებელ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება შეზღუდა. ოსური მედიის ცნობით,  ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.

კომიტეტის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირდება. შეზღუდვა იმ მონაკვეთებს შეეხება, სადაც დღემდე საოკუპაციო ხაზის  გადაკვეთა შედარებით გამარტივებული იყო.

კომენტარები