2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ივანიშვილი: მთავრობაზე ჩემი გავლენა ნებისმიერ მოქალაქეზე დიდი იქნება

Washington Post Co.

"რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს, პოლიტიკაზე და მთავრობაზე გავლენა მექნება, მაგრამ ჩემი გავლენა უფრო დიდი იქნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა AP-სთან (Associated Press) საუბარში, რომელიც washingtonpost-მა გამოაქვეყნა.  

სტატიაში საუბარია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა, რაც ბიძინა ივანიშვილს ნამდვილ ლიდერად აქცევს, თუმცა მიუხედავად ამისა, ის მაინც არ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას და ბუნდოვანია საქართველოს პოლიტიკაში მისი სამომავლო როლი.

AP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტ სააკაშვილისადმი ლოიალურად განწყობილი არაერთი ადამიანი დააკავეს. ბიძინა ივანიშვილის უარყოფის მიუხედავად, არსებობს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება.

AP-მა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა, სადაც AP-ის ჟურნალისტი, ბრეტ ბეროუმენი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე რაუნდის შემთხვევაში ქართული ოცნების კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის მოხსნას, კიდევ ერთ დამაინტრიგებელ ფაქტორს უწოდებს.

"პირველ რიგში, მარგველაშვილის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებიდან ჩამოშორებაზე, შესაძლოა, პირველ რაუნდში ქართული ოცნების მხარდამჭერთა მობილიზების მცდელობას გვთავაზობდეს. გარდა ამისა, ეს განცხადება შესაძლოა სრულიადაც არ იყოს სტრატეგიული, არამედ იმას გამოხატავდეს, რომ ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, მარგველაშვილს შეუძლია საკმარისად მოიპოვოს მერყევი ამომრჩევლის ხმები მეორე ტურის თავიდან ასარიდებლად", - წერს AP-ის ჟურნალისტი ბრეტ ბეროუმენი.

კომენტარები