2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

უსუფაშვილი: თუ ვინმეს დარღვევა აქვს, საზღვრის გადმოლახვა უნდა აეკრძალოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რუსი დეპუტატების ვასილი ლიხაჩოვისა და სერგეი კალაშნიკოვის თბილისში დამკვირვებლებად ჩამოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ "თუ ვინმეს აქვს ისეთი დარღვევა, რომ ტერიტორიის, საზღვრის გადმოლახვა ეკრძალება, მაშინ მას უნდა აეკრძალოს საზღვრის გადმოლახვა".

"ეს არის საკმაოდ სერიოზული თემა და ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა და ამ დეტალების დაცვა, მათ შორის, სამართლებრივი პროცედურების დაცვა, ჩვენი მხრიდან იქნება პრიორიტეტი. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს ისეთი დარღვევა, რომ ტერიტორიის, საზღვრის გადმოლახვა ეკრძალება ზოგადად, მაშინ მას უნდა აეკრძალოს საზღვრის გადმოლახვა, თუ ვინმეს საზღვრის გადამოლახვა შეუძლია, მაგრამ მას შემდეგ შეიძლება პრობლემა შეექმნას, მას შემდეგ შეექმნება პრობლემა. ასე რომ, ამ თემებზე წინასწარი ვარაუდები არ არის მიზანშეწონილი. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო და პრინციპული. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, ისე, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის ყველაფერი იყოს გასაგები და ნათელი", - თქვა უსუფაშვილმა.

ვასილი ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები არიან. დელეგაცია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ხვალ ეწვევა. ვასილი ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, რითაც დაარღვიეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ცესკომ ვასილი ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი საერთაშორისო დამკვირვებლებად დაარეგისტრირა.

კომენტარები