2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ცესკომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებად რუსი დეპუტატები დაარეგისტრირა

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, ცესკომ რუსი დეპუტატები ვასილ ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი დამკვირვებლებად საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე დაარეგისტრირა.

”ეს ადამიანები რეგისტრირებულები არიან. ისინი არჩევნებს დააკვირდებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. თუ რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს გარკვეული პრეტენზიები ამ პირებთან დაკავშირებით, ისინი ალბათ იმოქმედებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რადგანაც ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე, დავარეგისტრირეთ ისინი, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები”, - თქვა აზარაშვილმა.

ვასილი ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი ევროსაბჭოს დელეგაციაში შედიან. დელეგაცია, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს ხვალ ეწვევა.

ვასილი ლიხაჩოვი და სერგეი კალაშნიკოვი ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, რითაც დაარღვიეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

კომენტარები