სამართლიანი არჩევნების ანგარიში

ISFED: პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მეექვსე შუალედური ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის 7-24 ოქტომბრის მონაკვეთში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამართლიანი არჩევნების თავმჯდომარის ნინო ლომჯარიას განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს ფიზიკური შეურაცხყოფა მცხეთაში მიაყენეს. ასევე, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორება დაფიქსირდა ახალციხეში დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მხარდამჭერის მიმართ და აბაშაში, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს შორის. ნინო ლომჯარიას თქმით, საანგარიშო პერიოდში ასევე დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის ორი შემთხვევა. მისი ინფორმაციით, ორივე შემთხვევა საჯარო მოხელეებისგან მომდინარეობდა. კერძოდ, ორგანიზაციის დამფუძნებლის თქმით, წყალტუბოს საკრებულოს ენმ-ის დეპუტატსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მოქალაქეზე ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით ზეწოლისა და მუქარის ფაქტს.

ნინო ლომჯარიას განცხადებითვე, ბოლო პერიოდში გახშირდა საარჩევნო პლაკატების განზრახ დაზიანების შემთხვევები. კერძოდ, სამჯერ ჩამოხიეს დავით ბაქრაძის პლაკატები ბათუმში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესა და ლანჩხუთში. ლომჯარიას განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ითვალისწინებს 1000-ლარიან ჯარიმას, თუმცა, მისი ინფორმაციით, პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგა.

ISFED-ის ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციული რესურსი იქნა გამოყენებული გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრისას ფოთში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეები სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ. ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაფიქსირდა შუახევში, სადაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია გასწია ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ.

"ასევე, მიუხედავად უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციისა, კვლავ გრძელდება ზეწოლა და იძულება თვითმმართველობის მოხელეებზე, რომ თანამდებობა დატოვონ. მსგავსი მცდელობა დაფიქსირდა ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა მისი ნების საწინააღმდეგოდ დაიწყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო შეჩერდა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ და წინასაარჩევნო პერიოდი გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს შეადარა. მისი თქმით, გასული წლის წინასაარჩევნო პერიოდი გაცილებით უფრო დაძაბული იყო. ლომჯარია აღნიშნავს, რომ შარშან, ბოლო თვის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით ათობით პოლიტიკური მხარდამჭერი დააპატიმრეს.

"ჩვენ მაშინ ძალიან სერიოზულად გვეშინოდა ვითარების გართულების და არჩევნების დღეს ძალადობის. მე ვფიქრობ, რომ დღეს ამის საშიშროება ნაკლებად არსებობს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გასულ წელს სამასზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა; წელს კი, საარჩევნო პორტალზე 60 ინციდენტია დაფიქსირებული. თუმცა, როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ის გარემო, სადაც პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის შემთხვევები ფიქსირდება, სრულყოფილი არ არის. 

საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საბოლოო შეფასებას სამართლიანი არჩევნები 26 ოქტომბერს წარმოადგენს.

 

კომენტარები