სამართლიანი არჩევნების ანგარიში

ISFED: კანდიდატებმა რეგიონებში 377 წინასაარჩევნო საჯარო შეხვედრა გამართეს

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მე-6 შუალედური ანგარიშის მიხედვით, 7 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე, პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა რეგიონებში 377 წინასაარჩევნო საჯარო შეხვედრა გამართეს. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, სამართლიანი არჩევნების იურისტის ნინო ჯანაშიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია ქართულმა ოცნებამ 199 საჯარო შეხვედრა გამართა, მთავარი დაპირებები კი ეკონომიკის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, პენსიებისა და პედაგოგთა ხელფასების ზრდა, ასევე რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იყო. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი, ორგანიზაციის დაკვირვებით, 85 საჯარო შეხვედრა გამართა. კანდიდატი მოსახლეობას დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებას, ეკონომიკის გაძლიერებას, მრავალპარტიულ მმართველობას, მთავრობის ეფექტურ კონტროლს და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის გაგრძელებას ჰპირდებოდა.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ, სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, 76 შეხვედრა გამართა. მთავარი დაპირებები კონფლიქტების დარეგულირება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარება, ქვეყნის გაერთიანება და სამართლიანობის აღდგენა იყო.

სამართლიანი არჩევნების ანგარიშის მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ 7 საჯარო შეხვედრა ჩაატარა, ლეიბორისტულმა პარტიამ - 9, ხოლო კობა დავითაშვილის ხალხის პარტიამ, ნესტან კირთაძემ და საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირმა - თითო-თითო შეხვედრა გამართეს.

კომენტარები