ბოლო ათწლეულების საქართველოს ისტორია შესანიშნავად შეიძლება აღიწეროს ხშირად დასმული კითხვებით (ინტერნეტჟარგონზე: ხდკ). ასეთი აღწერა გაცილებით მეტს მოუყვება მომავალ თაობებს, ვიდრე არჩევნების თარიღები და მათში მონაწილე კანდიდატების სახელები.
90-იანები:
არის თუ არა ბორჯომი საკმარისი, რომ გავმდიდრდეთ და გავხდეთ შვეიცარია?
ვინ, თუ არა კანონიერი ქურდები?
ვინ, თუ არა შევარდნაძე?
როდის შეკეთდება მეცხრე ენერგობლოკი?
2000-იანები:
არის თუ არა ბორჯომი საკმარისი, რომ დავძლიოთ „პახმელია“?
როდის დავიბრუნებთ აფხაზეთს?
გრეჩიხა ჯობდა თუ ასფალტი ვჭამოთ?
როდის მოგვცემენ მაპს?
2010-იანები:
არის თუ არა ბორჯომი საკმარისი, რომ მოვხიბლოთ რუსეთი და დავიბრუნოთ აფხაზეთი?
როდის გამოუტანენ განაჩენს ახალაიას?
რამდენად ლიტერატურულია „ჩაკითხვა“ და „მიჭირყვნა“?
მე რა ვქნა, მე?
თუმცა, გარდა ათწლეულების კითხვებისა, ქართულმა საზოგადოებამ ეპოქალური კითხვებიც წარმოშვა, რომლებიც პრეზიდენტთა და პრემიერთა ცვლას არ ემორჩილება. კერძოდ:
მოიყვანება თუ არა ცოლად არაქალიშვილი?
ვინ (არ) გვართმევს მართლმადიდებლობას?
ვის (არ) სძულს ყოველივე ქართული?
ვის (არ) ჰყავს სომეხი ბებია?
და ბოლოს:
„აზიატები“ ვართ თუ ევროპელები?
მართალია, ამ საკითხთაგან თითოეული ფრიად საჭირბოროტო და ღრმა ფილოსოფიური აზრის მატარებელია, მაგრამ უკანასკნელი მაინც განსაკუთრებულ ჩაღრმავებას იმსახურებს.
მართლაც, როდესაც ვსაუბრობთ ცოლთა ქალიშვილობაზე, ასე თუ ისე გასაგებია, რას ვგულისხმობთ. ასევე, ნათელია, რას ნიშნავს სომეხი ბებია. აი ის, თუ რა ჯანდაბაა ქართველი ერის აზიელობა ან ევროპელობა, ნამდვილად არაა მარტივი საკითხი.
სანამ ჩაღრმავებას დავიწყებდეთ, დავრწმუნდეთ, რომ კითხვა ჭეშმარიტად საჭირბოროტოა:
აზიელები თუ ევროპელები – ასეთი საძიებო სტრიქონით „გუგლვა“ სულ ცოტა 240 ათას შედეგს იძლევა. შედეგების ბოლო გვერდამდე ჩაღწევა რთულია, მაგრამ მეათე გვერდზე ჯერ კიდევ საქართველოს კუთვნილების საკითხი განიხილება. განიხილება მწვავედ, მრავალფეროვნად, როგორც ელიტის, ისე ფართო მასების მიერ.
თბილისის ფორუმის გამოკითხვაში მონაწილეთაგან ყოველი მეორე მიიჩნევს, რომ „უფრო აზიელები ვართ“ და მხოლოდ მეხუთედი იხრება „უფრო ევროპელებისკენ“. დანარჩენები ფიქრობენ, რომ ნახ-ნახევარი.
საინტერესოა, კერძოდ რომელ აზიელებთან გრძნობს ერი სულიერ სიახლოვეს?
აღმოსავლეთ აზიელებთან, ანუ ჩინელებთან, ტაილანდელებთან და ფილიპინელებთან?
სათუოა: „ყვითელ“ აზიასთან ერის კულტურული სიახლოვე ჯერჯერობით იაპონიაში მოღვაწე რამდენიმე სუმოისტითა და თბილისში მოღვაწე რამდენიმე მასაჟისტით იზომება.
სამხრეთ აზიასთან, ანუ ინდოელებთან და ნეპალელებთან?
მართალია, ერს (მინიმუმ, კავკასიის მაყურებელს) უყვარს ბოლივუდი, მაგრამ თავად ინდოელებისადმი სიმპათია თბილის-ქალაქში ნამდვილად არ იგრძნობა.
ახლო აღმოსავლეთის ისლამურ სამყაროსთან?
ო, არა! არათუ ისლამური სამყარო, საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსლიმებიც კი დიდძალ რისხვას იმსახურებენ ერთ ამბიონზე 95%-ით მინდობილ ერში.
ვინღა დარჩა?
სომხები, რომლებსაც მართლა ძალიან ვგავართ, მაგრამ – თვითონაც იცით – და ებრაელები, რომლებიც რატომღაც ჯერ ბოლომდე არ შეგვაძულეს, მაგრამ აზიის საერთო ლანდშაფტში აშკარად ვერ ეწერებიან.
ჩაგეკითხებით: მაშ, სად არის ის აზია, რომელსაც ვეკუთვნით?
ეტყობა ეს ჩვენი, პატარა, ექსკლუზიური აზიაა. ღვთისმშობლის წილხვედრი აზია, რომელიც კარგ დროს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, გაჭირვების ჟამს კი ენგურიდან დვანამდეა განფენილი.
ცხადია, არამხოლოდ სიმპათიებს აქვს მნიშვნელობა. ისიც მნიშვნელოვანია, ვისთან და რა გვაქვს საერთო.
ჩამოვყვეთ.
ხმაურიანი და ხალხმრავალი ქორწილები, რაც ყველასათვის საყვარელ ლალი მაროშკინას აზიელობის უტყუარ ნიშნად მიაჩნია:
ირანმა წარმოშვა რამდენიმე საათით დაქორწინების მოვლენა. გარყვნილი ევროპელებისთვის ქორწილი იმდენად დიდი ამბავია, რომ წიგნები, ფილმები და შოუებიც კი ეძღვნება. შეკითხვა „ეტალონისთვის“: ვინ დაწერა საქორწინო მარში? ემომალი რახმონმა, დენ სიაო პინმა თუ პარსელმა და მენდელსონმა? ქართული „აზიური“ ქორწილის თითქმის ყველა ატრიბუტი, „ფუშფუშა“ თეთრი კაბიდან აჟიტირებულ ცეკვებამდე, სავსებით ევროპულია. რაც არაა მთლად ევროპული (მაგალითად, სუფრის გაძღოლის წესები), არც აზიურია.
ღრეობა, სასმელში ჩახრჩობა და მთვრალზე ძიძგილაობა:
ისლამურ აზიაში სმა საერთოდ აკრძალულია. არაისლამურისთვის – ნაკლებად დამახასიათებელია. სამაგიეროდ, მთელი ევროპა ეჯიბრება ერთმანეთს „გამოტყვრომის“ ხერხებში, თანაც ანტიკური დროიდან. ბერძნები ე.წ. სიმპოზიუმში სიმთვრალის ათამდე დონეს გამოყოფდნენ, თანმდევი მოვლენებითურთ (მათ შორის, ჭურჭლის მსხვრევა და სევდა ნაბახუსევზე).
პატრიარქატი, ანუ კაცის თავისებური „ზეობა“ ქალზე, რაც ქართველ ქმრებს საკუთარი „აზიატობის“ დასტურად მოჰყავთ ხოლმე (ამას თან უნდა სდევდეს ღიპის კმაყოფილად ამობურცვა და ზედ რამდენიმე კეთილგანწყობილი წატყაპუნება):
მართალია, ევროპის ნაწილმა მეტ თანასწორობას მიაღწია, ნაწილი კი სქესთა ხელოვნურ გაიგივებაშიც გადაიჭრა, მაგრამ, ვერ მოგართვით! ბოლო დრომდე პატრიარქატი არანაკლებ ევროპული „ბრენდი“ იყო, ვიდრე რომაული ციფრები ან პასტერიზებული რძე. ხმელთაშუაზღვისპირეთი ლამის ჩვენებური პატრიარქატის აკვანია, რასაც ვერ ვიტყვით აზიაზე. ჰიმალაელებისგან (ესენიც აზიაში არიან) განსხვავებით, ქართველი ქალი ვერ „გაიმარიაჟებს“ მრავალქმრიანობით, მაგრამ ვერც ჰარამხანებში ცხოვრებისა და სხეულის სრულად დაფარვის წყურვილს დავწამებთ.
ფოლკლორი:
უნიკალურ ქართულ ხალხურ მუსიკას ჯერჯერობით ვერ მოეძებნა უფრო მსგავსი, ვიდრე სარდინიელების სიმღერები. გაწიე-გამოწიე, ტიროლის იოდლი შეიძლება მიამსგავსო კრიმანჭულს. სარდინიელებსაც და ავსტრიელებსაც ალბათ ძალიან გაუკვირდებათ, თუ ვინმე კორკოტასებრი აზიას მიაკუთვნებს.
ეროვნულობა:
ეთნიკური თვითშეგნება და ნაციონალური სახელმწიფო – ორივე უპირველესად ევროპული მოვლენაა. ეთნოსი ბევრად ბუნდოვანი და მეორეხარისხოვანი ცნებაა როგორც ისლამურ ახლო აღმოსავლეთში, ისე უსაზღვრო ჩინეთსა და ინდოეთში...
მოკლედ, ჩვენი აზიელობა დაახლოებით ისეთია, როგორი დაკეპილიცაა ხორცი თბილისური სახინკლეების „მთიულურში“. ერთგვარი საშუალებაა, რომ ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც, უშინაარსო ეშხი მიეცეს.
ჩვენ არ „გავიაზიატოთ“ თავი ძალით, არც „გავიევრაზიულოთ“, და კარგად ვიყოთ.
მრავალჟამიერ!