საქართველოს ისტორია

ჩხენკელის გადაწყვეტილებით სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება – სამინისტრო

"მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება" - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიის სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებს საშუალო საფეხურზე ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეესწავლათ. შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) ისტორიის სტანდარტი გადაიხედა, რისთვისაც სპეციალურად დაკომპლექტებული ისტორიკოსთა ჯგუფი შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფი აერთიანებდა ქართველ ისტორიკოსებს აკადემიური წრეებიდან – პროფესორებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივ ექსპერტებს, რომლებმაც 2022 წლის იანვარში დაასრულეს მუშაობა ისტორიის სტანდარტების რევიზიის მიმართულებით. სამუშაო პროცესში ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა ინიციატივა განიხილეს და არაერთ სადისკუსიო საკითხზე იმსჯელეს" - აცხადებს სამინისტრო და განმარტავს, რომ მიიღეს "ისტორიის განახლებული სტანდარტი", რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში საქართველოს ისტორია და ისტორია ცალ-ცალკე საგნად გაიწერა.

"საქართველოს ისტორიის სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე. ისტორიის საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას.

სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო - საგანში საქართველოს ისტორია.

კომენტარები