მინისტრებთან შეხვედრა ბიზნესცენტრში

შიკორსკი: საქართველომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება უნდა აიცილოს

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველომ მოდერნიზაცია უნდა გააგრძელოს და თავიდან აიცილოს მართლმსაჯულება, რომელიც, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყურებოდეს.

სიკორსკიმ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა - რა პირობების გათვალისწინება მოუწევს საქართველოს იმისთვის, რომ მომავალ წელს მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და რა მექანიზმები აქვს ევროპას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასაცავად რუსეთის ზეწოლისგან.

"რაც შეეხება დაცვის მექანიზმებს, მე დამილევია ქართული და მოლდოვური ღვინოც და როგორც ხედავთ, თქვენ წინაშე უვნებელი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინო არ არის მომწამვლელი, როგორც ზოგიერთებს სურთ წარმოაჩინონ. შესაბამისად, ეკონომიკური შეტევის პოლიტიკა რუსეთის მხრიდან, ვფიქრობ, სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან ასეთ დროს პროცესში ევროპა აქტიურად ერთვება", - თქვა სიკორსკიმ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, საქართველოს მიერ აუცილებელ გასათვალისწინებელ პირობად საზოგადოების დემოკრატიზაცია დაასახელა. მისი თქმით, საქართველომ სხვა ქვეყნების შეცდომებზე უნდა ისწავლოს.

"რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, მოლდოვაზე ზეწოლის შემთხვევაში, ჩვენ გავზარდეთ მოლდოვური ღვინის კვოტა, რომელიც შედის ევროკავშირის ქვეყნებში და მათ შევთავაზეთ ბაზარი. ამავდროულად, რუსეთი ვალდებულია, დაიცვას ის წესები, რომლებზე თანხმობის სანაცვლოდაც ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა", - აღნიშნა კარლ ბილდტმა.

ბიძინა ივანიშვილი შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღეს ბიზნესცენტრში შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილიც დაესწრნენ.

კომენტარები