მინისტრებთან შეხვედრა ბიზნესცენტრში

ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ ორი გამოკვეთილი ლიდერი დატოვებს პოლიტიკას

france24.com/

საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, რადოსლავ სიკორსკისა და კარლ ბილდტს საქართველოში ვითარების სტაბილურობასთან დაკავშირებით ეჭვები რჩებათ. ივანიშვილი პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. პრემიერის თქმით, ეს ნორმალურია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ორი გამოკვეთილი ლიდერი დატოვებს პოლიტიკას - 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი და ინაუგურაციიდან ერთ კვირაში - თავად ივანიშვილი.

"მათ აქვთ წუხილი, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდხანს არ გაგრძელდეს, რომ არ მოხდეს ახალი დაპატიმრებები, რაშიც მე მათ ვეთანხმები. არ არის ჩემი ინტერესი, რომ მუდამ უკან ვიყურებოდეთ. ჩვენი მიზანია, მთელი საქართველო გავერთიანდეთ და გავაგრძელოთ სწრაფვა ევროპისკენ. ამ მხრივ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა", - თქვა პრემიერმა. 

ივანიშვილის ინფორმაციით, კარლ ბილდტი და რადოსლავ სიკორსკი საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ მხარს უჭერენ.

"ჩვენ უნდა ჩავიცხროთ აგრესია, გავერთიანდეთ და წინ ვიყუროთ. ისეც არ გაიგოთ, რომ რამე გარანტიები ან პირობები დავდე. მე მათ კარგად ავუხსენი სიტუაცია, ჩვენს ხედვებში სხვაობაც დავაფიქსირე. სხვაობა მხოლოდ ერთია - ისინი ნაკლებად იცნობენ საქართველოში არსებულ რეალობას. ვეცადე, მეჩვენებინა, რომ საზოგადოებაში არის სამართლიანობის აღდგენის განცდა, რაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და მალე უნდა დავასრულოთ. ნაკლებად უნდა ვიყუროთ უკან, ნაკლები გვქონდეს აგრესია და შურისძიების განცდა, მეტი პატიებითა და შერიგებით დავაჩქაროთ ჩვენი სწრაფვა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, სტუმრები რუსეთთან დაკავშირებით მისი ხედვითაც დაინტერესდნენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხედვები ამ მხრივაც დაემთხვა. 

"ვილნიუსის სამიტი არის ჩვენი უახლოესი გამოწვევა, რომლისთვისაც, ვფიქრობ, აბსოლუტური მზაობა გვაქვს. ისინიც დაინტერესებულნი არიან, მაქსიმალურად მივიღოთ ის, რასაც ნოემბერში ველოდებით", - თქვა ივანიშვილმა. 

ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და სტუმრები დაარწმუნა, რომ საქართველო ევროპულ არჩევნებს ჩაატარებს. 
"მათ აინტერესებდათ არჩევნების შემდგომი პერიოდიც, გადაამოწმეს, რას ვაპირებ და როგორ ვხედავ სიტუაციას არჩევნების შემდეგ", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

ივანიშვილი შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღეს ბიზნესცენტრში შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილიც დაესწრნენ.

კომენტარები