აღმოსავლეთ პარტნიორობა

ევროკავშირი ვილნიუსის სამიტამდე ტიმოშენკოს გათავისუფლებას მოითხოვს

EU High Representative for Foreign Affairs and Security Ashton holds a news conference after a EU foreign ministers meeting in Brussels
Yves Herman / REUTERS

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგის მინისტერიალზე უკრაინის ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს საკითხი განიხილეს. მინისტრებმა კიევს მოუწოდეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე ტიმოშენკოს გასათავისუფლებლად სწრაფად იმოქმედოს. ამაზე უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა იქნება დამოკიდებული. როგორც 21 ოქტომბერს, მინისტერიალის დასრულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა თქვა, ტიმოშენკოს საკითხი უკრაინაში მართლმსაჯულების სისტემას უკავშირდება. "ჩვენ თანმიმდევრულები ვართ იმაში, რომ ეს უნდა იყოს უკრაინის სურვილის ნაწილი, ჰქონდეს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა", - განაცხადა ეშტონმა.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ აღნიშნა, ევროკაშირი უკრაინას რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს უწესებს. "პირველი არის საარჩევნო კანონმდებლობა. მეორე - კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ და მესამე - თავის შეკავება შერჩევითი მართლმსაჯულებისგან. ამ მხრივ ტიმოშენკოს საქმეს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ველით სერიოზულ მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ კიევი უარს ამბობს შერჩევით მართლმსაჯულებაზე და იმედი გვაქვს, ტიმოშენკოს საკითი სამიტამდე გადაწყდება", - განაცხადა ვესტერველემ.

ბერლინი კიევს ტიმოშენკოს გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრებას სთავაზობს. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი თავს იკავებს ყოფილი პრემიერის შეწყალებისგან და აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ სპეციალური კანონის მიღებას ელოდება, რომელიც საშუალება მისცემს ტიმოშენკოს, ქვეყანა მსჯავრდებულის სტატუსით დატოვოს.
ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება. სამიტზე უკრაინა და ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავენ, საქართველო და მოლდოვა კი დოკუმენტის პარაფირებას აპირებენ.

 

კომენტარები