ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ აქვს

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ აქვს. პრემიერის თქმით, სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელების პოტენციალი დარჩებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვადაზე ადრე გადადგებოდა და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდიდა.

"ძალიან ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოების მხრიდან სააკაშვილის და უგულავას მიმართ. სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებსაც ძალიან გაუჭირდებათ, რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთონ საქართველოში. ქართველი ხალხი არ არის ისეთი ყრუ და ბნელი, როგორც ისინი ფიქრობენ. ჩემი აზრით, მათ არავითარი პოლიტიკური მომავალი აღარ აქვთ, სააკაშვილს არავითარი პოლიტიკური პოტენციალი აღარ გააჩნია, თუმცა ეს ჩემი აზრია და ნუ მიიღებენ ისე, თითქოს ვანადგურებ. მე სააკაშვილს პირველივე შეხვედრაზე შევთავაზე და საუკეთესო რჩევა მივეცი - გადადექი და საზოგადოებას ბოდიში მოუხადე-მეთქი. ასეთ შემთხვევაში – სააკაშვილს ვუთხარი, შენ პოლიტიკური პერსპექტივა დაგრჩება-მეთქი. ამის ვაჟკაცობა არ ეყო. შემდეგ შეხვედრებზეც ვთხოვდი, ისე მოიქეცი, რომ შენი დახმარება შევძლო და როგორმე აგრესია ჩაცხრეს ხალხში, ნუღა ცრუობ-მეთქი, მაგრამ იმით, რა განცხადებებსაც დღემდე აკეთებს, რა თქმა უნდა, საქართველოში მას არ ექნება პოლიტიკური მომავალი", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არავითარ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ექნება. როგორც ივანიშვილმა გადაცემა პოლიტიკის დროში თქვა, პოლიტიკური დევნის შემთხვევაში, სააკაშვილს აქამდე დააკავებდნენ. 

"რა თქმა უნდა, მის მიმართ კითხვები არსებობს და რომ ვთქვა, რომ ეს ასე არ არის, სიცრუე იქნება. თუ ყოფილი პრემიერმინისტრი ციხეშია, თავდაცვის ერთი ყოფილი მინისტრი ციხეშია, მეორე ყოფილი მინისტრი კი საფრანგეთში დაიჭირეს, გენერალური პროკურორი დევნაშია, ქალაქის მერის წინააღმდეგ სამი საქმეა აღძრული, რა თქმა უნდა, კითხვები პრეზიდენტთანაც არსებობს", - აღნიშნა ივანიშვილმა. პრემიერი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაც დაიწყოს და აღნიშნულის საფუძველი, თუნდაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე გახდეს.

"სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რა თქმა უნდა, შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება ზურაბ ჟვანიას საქმე გახდეს ამის საფუძველი და არის კიდევ უამრავი საქმე, იგივე 26 მაისს განვითარებული მოვლენები - ხალხია დაკარგული და მკვდარი. თქვენ გგონიათ, ეს პრეზიდენტმა არ იცოდა?! რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს, არავითარი სურვილი არ გამაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი დაიკითხოს ან ციხეში მოხვდეს, ეს არაა კარგი ქვეყნის იმიჯისთვის, მაგრამ არსებობს პროკურატურა და სასამართლო და მათ საქმეებში ვერ ჩავერევით", - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები