2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნები

ცესკომ საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბიულეტენები 10 სტამბაში იბეჭდება. ბეჭდვის პროცესი დღეს დაიწყო.

3,348,900 ბიულეტენის ბეჭდვის პროცესს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად, შემდეგი 8 არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან: განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასოციაცია საქართველოს იდეალისტები ერთად ერთობისათვის, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის, საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი, ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის, საქართველოს ახალგაზრდობის განვითარების კავშირი, კავშირი თემი და თვითმმართველობა.

ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების (სომხურ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული, ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური) ენებზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, უსინათლო ამომრჩევლებისთვის იბეჭდება საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველი დამოუკიდებლად მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ფორმის გამოყენებას შეძლებს, როგორც ბრაილის შრიფტის მცოდნე, ისე ის უსინათლო ამომრჩეველი, რომელიც ვერ კითხულობს ბრაილს. პროექტი საქართველოს მასშტაბით წელს პირველად ხორციელდება.

კომენტარები