საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჯარო დაწესებულებების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ტიპის რეგულაციების ნაკლებობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ორგანიზაციამ დღეს კვლევა წარმოადგინა.
კვლევაში განხილულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, მთავრობის, კანცელარიის, საქართველოში არსებული ყველა სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის აპარატების, ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის თვითმმართველობების მიერ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის ივლისის თვის ჩათვლით შესყიდული, ასევე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმით მიღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევები. კვლევის თანახმად, 2011 წლიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მონიტორინგის სუბიექტებმა 2 146 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდეს, რომელთა ღირებულებამ ჯამში 61 439 788 ლარი, 16 545 081 დოლარი და 110 000 ევრო შეადგინა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად შს სამინისტრო გამოირჩევა, როგორც ჩუქებით მიღებული ქონების, ასევე შესყიდვისათვის დახარჯული თანხის რაოდენობით. კერძოდ, ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი საქართველოს შს სამინიტროს მიერ იქნა შეძენილი 2012 წლის ივლისის თვეში, რაშიც უწყებამ 100 000 ევრო გადაიხადა. ამასთან, კვლევის თანახმად, რუსთავის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავტომობილი 170 000 ლარად შეიძინა. რაც შეეხება ჩუქების ფაქტებს, კვლევის მიმდინარეობისას გამოვლინდა ძვირადღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ და ჩუქების სახით გადაცემის ტენდენცია. ამ მხრივ, განსაკუთრებით მაღალია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კერძო პირების მიერ ჩუქების ფორმით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა რაოდენობამ ჯამში 87 შეადგინა. საია ასევე აღნიშნავს, რომ ჩუქებისა და უსასყიდლო ფორმის სახით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ფაქტების დიდი ნაწილი 2012 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით მოხდა.
კახა კოჟორიძის ინფორმაციით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვების მოცულობამ იკლო, ხოლო კერძო პირების მხრიდან ჩუქების შემთხვევები საიამ არჩევნების შემდეგ ვერ გამოავლინა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შესწავლილ საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლის ძალითაც შესაბამის უწყებებში განისაზღვრებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა და სხვა რეგულაციები.
კვლევის ავტორი, საიას იურისტი სოფიო ჭარელი, საერთაშორისო პრაქტიკაზე მიუთითებს და ამბობს, რომ საერთაშორისო დონეზე არსებობს კონკრეტული ხასიათის რეგულაციები, რომლებიც მოიცავს საჯაროობის პრინციპს, ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებასა და ფულის ნაყოფიერად გამოყენების პრინციპს.
მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, უკვე შექმნილია სახელმწიფო მანქანების შესყიდვებთან, ექსპლოატაციასთან და განახლებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც პირველ სხდომას ხვალ გამართავს.





