ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, შესაძლოა დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თავის სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს. მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ტაბულას განუცხადა, რომ ამის შესახებ მას სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების დირექტორმა გუშინ აცნობა.
"როგორც მან მითხრა, მერაბიშვილს რაღაც ვირუსი შეეყარა და თავს შეუძლოდ გრძნობს, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, მოხერხდება თუ არა მისი ბადრაგირება დღეს ქუთაისში", - განგვიცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. მისივე თქმით, დღეს სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთა რაოდენობა 4 000-ს აღწევს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ყოფილ პრემიერს დასაქმების პროგრამის დარღვევით განხორციელებას ედავება. მასთან ერთად ბრალდებულია პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მოწმეთა დაკითხვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, ვანო მერაბიშვილის პროტესტის გამო ის 21 ოქტომბრისთვის გადაიდო. მერაბიშვილმა განაცხადა, მისი პროტესტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ პროკურატურამ მის ადვოკატებს წინასწარ არ მიაწოდა პროცესზე დასაკითხ პირთა სია.





