კოსმოსური კვლევები

პოტენციურად საშიში ასტეროიდი დედამიწას 2032 წელს მოუახლოვდება

abcnews.go.com

NASA -ს სპეციალისტები აცხადებენ, რომ უკრაინელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა თითქმის არ არსებობს.
ყირიმის გეოფიზიკური ობსერვატორიის ასტრონომებმა 400 მეტრის დიამეტრის ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწისკენ მოემართება. ცნობა ამის შესახებ რუსულმა სააგენტო რია ნოვოსტიმ 17 ოქტომბერს გაავრცელა.

მცირე პლანეტა, რომელსაც ინდექსი 2013 TV135 მიენიჭა, ყირიმელმა მეცნიერებმა 12 ოქტომბერს აღმნოაჩინეს, რაც შემდეგ სხვა ობსერვატორიებმაც დაადასტურეს. ციური სხეული, რომლის ზომა დაახლოებით 410 მეტრია, პოტენციურად საშიშთა კლასს (PHA, potentially hazardous asteroid) მიაკუთვნეს, რადგან მის ორბიტასა და დედამიწის ორბიტას შორის მინიმალური დისტანცია მხოლოდ 0,012 ასტრონომიულ ერთეულს (1,7 მილიონ კილომეტრს) შეადგენს.

ასტეროიდის ტრაექტორიის წინასწარმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ 2032 წლის 26 აგვისტოს ის შესაძლოა დედამიწას შეეჯახოს, თუმცა, ამის ალბათობა ძალიან დაბალია. როგორც 20 ოქტომბერს ABC news-ს NASA -ს სპეციალისტმა პოლ აბელმა განუცხადა, დედამიწასთან სხეულის შეჯახების ალბათობაა 1:48000, ანუ 0,002 პროცენტზე ნაკლებია. მეცნიერი დარწმუნებულია, რომ შემგდომი კვლევის შედეგად ეს შანსი ნულამდე შემცირდება.

ამავე დროს, კოსმოსურ საფრთხეს სერიოზულად მოეკიდნენ რუსეთში - ქვეყნის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ასტეროიდებთან შეჯახების თავიდან აცილება რუსეთის კოსმოსური ინდუსტრიის მთავარი ამოცანა უნდა გახდეს.

კომენტარები