კოსმოსური კვლევები

"დროა მთვარეზე დავბრუნდეთ და დავრჩეთ" - Amazon-ის დამფუძნებელმა პროექტი Blue Moon წარადგინა

ჯეფ ბეზოსი
Reuters

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა პოტენციურ კლიენტებს და NASA-ს წარმომადგენლებს მთვარეზე გამგზავრების და ბაზის შექმნის გეგმა წარუდგინა, საიდანაც, ბეზოსის თქმით, კოსმოსის კვლევა გაგრძელდება.

ბეზოსის "ლურჯი მთვარის" (Blue Moon) პროექტის მიზანია ადამიანები და ტექნიკა მთვარეზე 2024 წლამდე გაგზავნოს.

გეგმის მიხედვით, უპილოტო ხომალდი დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე სამეცნიერო ინსტრუმენტებს, სატელიტებს და როვერებს ჩაიტანს.

"დროა მთვარეზე დავბრუნდეთ და დავრჩეთ." თქვა ბეზოსმა.

პროექტის მიხედვით ხომალდს მთვარემდე მისაღწევად საკმარისი საწვავი ექნება, შემდეგ კი ის მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაჯდება, სადაც კრატერებში ყინულის მარაგებია აღმოჩენილი და სწორედ ამ მარაგს გამოიყენებენ შემდეგი მისიებისათვის საწვავის შესაქმნელად.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მარტში გამოაცხადა, რომ 2024 წლის ბოლომდე მთვარეზე ასტრონავტების დაბრუნებას აპირებნდნე. ბეზოსი პრეზენტაციაზე ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ტრამპის მიერ დაწესებული ვადაში ჩაეტევიან, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს.

"კოსმოსში საინტერესო საქმეების საკეთებლად გადასახდელი ფასი ამჟამად ძალიან მაღალია, იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურა არ არსებობს." თქვა მან და თვითკმარი კოსმოსური კოლონიების ილუსტრაციებიც წარმოადგინა.

კომენტარები