ჯარისკაცების მოწამვლა

თავდაცვის სამინისტრო: 2013 წელს ჯარისკაცებში დიარეის 18 ფაქტი დაფიქსირდა

Facebook.com

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ დიარეის 18 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, 13 ჯარისკაცი 11 ივნისს მოიწამლა, ხოლო 7 სამხედრო მოსამსახურეს ოქტომბერში დაუდასტურდა მსუბუქი ინფექციური წარმოშობის დიარეა და გასტროენტერიტი. უწყების ინფორმაციით, ამ შემთხვევების შედეგად, 91 სამხედრო გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით.

"ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 248-ე მუხლის I ნაწილით. ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში დადგინდა სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეა - ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. გარდა აღნიშნული 11 შემთხვევისა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რიგი თანამდებობის პირების მიერ, თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში ინფრასტრუქტურის სფეროში გამოვლენილ და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევების ფაქტზე. ყველა ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით გაერთიანდა ერთ სისხლის სამართლის საქმედ. იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტების დისლოკაციის, სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ კრებსითი მონაცემების და თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებული სხვა სახის ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, მითითებული საქმის მასალების ნაწილს, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვს გრიფი "საიდუმლო". გარდა ამისა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ამის მიუხედავად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო შესაძლებლად მიიჩნევდა იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც არ დაარღვევდა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს და ხელს არ შეუშლიდა გამოძიების მიმდინარეობას.

"საზოგადოებაში სისტემატურად ვრცელდებოდა მცდარი ინფორმაცია მოწამლულ სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნობის და დაავადების შესახებ. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დაცვით, რომელიც ხელს არ შეუშლიდა გამოძიების მიმდინარეობას. 10 ოქტომბერს საჯაროდ გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია თითქოსდა ორასამდე სამხედრო მოსამსახურე იყო საკვებით მოწამლული. სინამდვილეში, მხოლოდ 7 სამხედრო მოსამსახურეზე დადასტურდა მსუბუქი ინფექციური წარმოშობის დიარეა და გასტროენტერიტი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, იმავე დღეს, თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ, მასმედიასთან გააკეთა ზუსტი და ამომწურავი განცხადება საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით. ანალოგიურად, 11 ივნისს მე-3 ბრიგადაში 11 სამხედრო მოსამსახურეს დაუდგინდა სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეა, საზოგადოებას მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია კანონის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული, მოკვლევის დაწყებისთანავე თავდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამის პასუხისმგებელ მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ ზომების გატარების შესახებ, კერძოდ: არასწორი ლოგისტიკური დაგეგმვისა და შესყიდვების გამო, ჟ-4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ზვიად შანავა გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ დათუკიშვილი სამინისტრომ ჩამოაშორა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას "საჯარო სამსახურის კანონის" 91 მუხლის I და II მუხლის თანახმად და მის მიმართ გაატარა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები. სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო პერიოდში გატარდა ფუნდამენტური ცვლილებები. უახლოეს პერიოდში დასრულდება 11 ახალი სასადილოს მშენებლობა და რემონტი. თავდაცვის სამინისტრომ სრულად განაახლა სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებისათვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა. უმაღლესი ხარისხის ინვენტარი შეძენილია ასევე, საველე პირობებში შეიარაღებული ძალების კვებით მომსახურებისათვის. (სწორედ საველე პირობებში კვება იყო ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პრობლემა. სათანადო ინვენტარის არქონის გამო ხდებოდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც უმეტეს შემთხვევაში, სწორედ საველე პირობებში იჩენდა თავს დიარეის შემთხვევები)", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების შეფასებით, "არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები პირველად არ ავრცელებს გადაუმოწმებელ და დაუზუსტებელ ინფორმაციას". სამინისტროს განცხადებით, ორგანიზაციამ 17 აგვისტოს თქვა, რომ "ჯარში მასობრივად იყო გავრცელებული ჩუტყვავილა, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ ჯარისკაცებს, ჩუტყვავილას მაგივრად, სხვა, არასწორი ვაქცინაცია ჩაუტარდათ". უწყების ცნობით, ახალგაზრდა ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ სამხედრო პოლიცია კუდ-ის და სოდ-ის ყოფილი თანამშრომლებით კომპლექტდებოდა და სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა სენაკის ბაზაზე სამხედროების მოწამვლის ფაქტი.

"რეალურად - იმ პერიოდში ჩუტყვავილა 1 ჯარისკაცს ჰქონდა. ვაქცინაცია კი ჩუტყვავილაზე საერთოდ არ კეთდება, რადგან ეს დაავადება არ შედის აცრების ეროვნულ კალენდარში;  სამხედრო პოლიციის 1269 თანამშრომლიდან კუდ-სა და სოდ-ში მუშაობის გამოცდილება მხოლოდ 25 ჰქონდა;  სენაკის ინციდენტის შემდეგ კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. გარდა ამისა, გენერალურმა ინსპექციამ და სამხედრო პოლიციამ იმავე დღეს დაიწყეს ფაქტის გამოძიება. "ახალგაზრდა ადვოკატებს" თავდაცვის სამინისტრომ მომენტალურად გასცა პასუხი ჩვენს ვებგვერდზე http://www.mod.gov.ge/index.php?newsid=2226. ასევე, თავდაცვის უწყებაში სხვადასხვა დროს შემოსულია "ახალგაზრდა ადვოკატთა" წერილები, რომელთაც დროულად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაეცა პასუხი. თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს თავდაცვის სისტემით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხელი შეუწყოს მათ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დაზუსტებაში და საჭიროების შემთხვევაში, გაითვალისწინოს მათი შენიშვნები და რეკომენდაციები გამოვლენილი პრობლემების დროულად და ეფექტიანად გადაჭრასთან დაკავშირებით", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინდელ შეხვედრაზე, მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში საკვებით ჯამში 700 ჯარისკაცი მოიწამლა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამ საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აუცილებლად განიხილავდა. 

კომენტარები