ფანჯიკიძეს შეხვედრა იუე ბინთან

ფანჯიკიძემ სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალი ელჩი იუე ბინი მიიღო

fb.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალი ელჩი იუე ბინი მიიღო. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული პოზიტიური ტენდენციის შემდგომი ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას. ჩინეთის ახლადდანიშნულ ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ახლადდაფუძნებული ფონდების შესახებ. ასევე, ხაზი გაესვა ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაფართოების, მათ შორის - მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, მნიშვნელობას.

მაია ფანჯიკიძემ ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, ინტენსიურად იმუშაოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დაადასტურა.

კომენტარები