სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშები

გედევანიშვილი: ოლიმპიადაზე ჩემი არწასვლით რუსებს გავახარებ

ელენე გედევანიშვილი
Susanne Kempf

ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელსაც სოჭში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია აქვს მოპოვებული, კვირის პალიტრასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის ტურნირზე არწასვლა რთული იქნება, მაგრამ ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

"ძნელი იქნება უარის თქმა ტურნირზე, რომლისთვისაც წლებია ვემზადებით, ისიც ვიცი, რომ ჩემი არწასვლით რუსებს ნამდვილად გავახარებ, რადგან კონკურენტი მოაკლდებათ, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, ისე მოვიქცევი", - განაცხადა ელენე გედავანიშვილმა.

მოციგურავემ ბოლო დროს გავრცელებულ მოსაზრებაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვით, შესაძლებელია, ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიური დროშის ქვეშ იასპარეზონ.

"ისიც კი მოვისმინე, სოჭში დროშის გარეშე მივიღოთ მონაწილეობაო. ასეთი რამ წარმოუდგენელია. დროშა ქვეყნის სიმბოლოა და დიდ ძალას მმატებს. ოლიმპიადაზე როგორ უნდა წავიდეთ იმ დროშის გარეშე, რომლისთვისაც მუდამ თავდაუზოგავად ვიბრძვით?!" - აცხადებს გედევანიშვილი.

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება, გედევანიშვილი კი მიიჩნევს, რომ კარგ ფორმაში იმყოფება. 

"კარგ ფორმაში ვარ, ოთხი თვის შემდეგ კი გაცილებით უკეთ ვიქნები მომზადებული... მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ რუსები უსამართლოდ მომექცნენ (2006 წელს მოციგურავის დედას რუსეთიდან დეპორტი გაუკეთეს), ეს ჩემი საქმეა, რასაც დიდი ხანია ვაკეთებ და ძალიან მიყვარს. ამიტომ პირადი ემოცია გვერდით უნდა გადავდო. თუმცა, თუ სოჭში ვიასპარეზებ, ნეგატიური მოგონებები დამეხმარება, უფრო მეტად მოტივირებული ვიყო და უკეთესი შედეგი ვაჩვენო", - განაცხადა ელენე გედევანიშვილმა.

კომენტარები