სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშები

ჟირინოვსკი: საქართველო ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო

rus.ozodi.org

საქართველო ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ განაცხადა.

ჟირინოვსკის თქმით, რუსეთსა და თურქეთს პირდაპირი საზღვარი უნდა ჰქონდეთ და შუაში საქართველოს ყოფნა გაუგებარია. მისი თქმით, სასაზღვრო ბოძები იქ უნდა იდგეს, სადაც რუსეთის მეფემ ჩაარჭო და ვინც მათ შეეხება, ხელებს დაამტვრევს.

"ჩვენ ერთად ვართ, ერთი ერი ვართ, რა ბოძები უნდა იყოს. მოდით, დავიწყოთ პირდაპირ სოფელ სარფში, იქ იქნება რუსეთ-თურქეთის საზღვარი. აბა, რაში გვჭირდება ზედმეტი თავის ტკივილი. ხომ სჯობს ადამიანებისა და ტვირთის თავისუფლად გადაადგილება. უმჯობესია, გავუშვათ მატარებელი - ერევანი-თბილისი-სოხუმი-მოსკოვი. აქედან დავიწყოთ, რათა ადამიანებს შორის კავშირები იყოს, თუნდაც ეკონომიკური. თქვენ კიდევ ბოძებზე საუბრობთ. სასაზღვრო ბოძები იქ უნდა იდგეს, სადაც ისინი რუსეთის მეფემ ჩაარჭო და არავის აქვს მათი შეხების უფლება. ვინც შეეხება, ხელებს მოვამტვრევთ", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ჟირინოვსკი საქართველოს მიერ სოჭის ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტირების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოიკოტი სუსტებისა და ლაჩრების საქმეა. "თუ ვინმე სპორტულ ღონისძიებას ბოიკოტს გამოუცხადებს, ეს მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი სპორტსმენების სისუსტეზე მეტყველებს. სპორტი პოლიტიკის ნაწილი არ არის. პოლიტიკის ნაწილი არ უნდა იყოს არც ვაჭრობა, მეცნიერება და ხელოვნება. ამდენად, ბოიკოტი სუსტების საქმეა. არაფერი იციან და ამბობენ - "არ წავალ", "არ გავაკეთებ". იმიტომ, რომ სუსტი და ლაჩარი ხარ და იწყებ ბოიკოტზე ლაპარაკს. ვის სჭირდება ბოიკოტზე ლაპარაკი? ოლიმპიადაზე მუდამ მილიონობით სპორტსმენი ასპარეზობდა და კიდევ მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

კომენტარები