პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონი აუცილებლად შეიცვლება

საქართველოს პრემიერმინისტრი ვარაუდობს, რომ პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონს უახლოეს მომავალში მიიღებს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიის და რადიოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, ხელისუფლებაში მისვლამდე ფიქრობდა, რომ ეს პროცესი სწრაფად განხორციელდებოდა, თუმცა, შეხედულება უკვე შეეცვალა.

"ხელისუფლებაში მოსვლამდე ვამბობდი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კანონი უნდა შეიცვალოს და რეგიონებმა, მასამ უნდა აიმაღლოს პოლიტიკური კულტურა. ამიტომ დიდ იმედს ვამყარებდი ამ კანონის შეცვლაზე. თუმცა, ცოტა გადაჭარბებულად ვუყურებდი, მეგონა, სწრაფად მოხდებოდა და, საუბედუროდ, სწრაფად ვერ ხდება, მაგრამ აუცილებლად მოხდება", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე დღეს მთავრობისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობით 16:00 საათზე თათბირს გამართავს.

"დღეს მაქვს ფინალური შეხვედრა, იქნებიან მთავრობის წევრები და მოვიწვიე ოპონენტებიც, ვისაც არ მოსწონს. თათბირი ძალიან ხანგრძლივი და, ვფიქრობ, ფინალური იქნება. დავამტკიცებთ სამუშაო ჯგუფს. შეიძლება, ხვალინდელ მთავრობის სხდომაზეც გავიტანოთ, თუმცა თუ ვერ მოესწრო, მომავალ კვირას გავიტანთ და არჩევნების შემდეგ პარლამენტსაც წარვუდგენთ. პრინციპში, დროში ვეტევით", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში უნდა გაიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო პარლამენტმა ახალი კანონი არჩევნებამდე 6 თვით ადრე უნდა მიიღოს.

კომენტარები