პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ჯარისკაცის მოწამვლა რა სახელმწიფო საიდუმლოებაა?

საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი სახელმწიფო საიდუმლოება. როგორც ივანიშვილმა ბეჭდური მედიის და რადიოს ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე თქვა, ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე გრიფ "საიდუმლოს" დადება მიზანშეწონილი არ არის.

"ჯარისკაცების მოწამვლის პირველი შემთხვევა რომ მოხდა, ალასანიამ თვითონ დამირეკა და განმიმარტა, რომ 7-8 კაცი იყო შეუძლოდ. ახლა ალასანიას აღარ დაურეკავს და ვიფიქრე, რომ არაფერი ისეთი არ მომხდარა. არ ვიცოდი, თუ საქმეს გრიფით "საიდუმლო" ედო. რა ხდება, სააკაშვილის მთავრობაა? ვინ დაადო საიდუმლო? რა სახელმწიფო საიდუმლოებაა ჯარისკაცის მოწამვლა? ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს და, რა თქმა უნდა, მე ამ საკითხით დავინტერესდები. ხვალ მთავრობის სხდომა მაქვს და სიტუაციაში აუცილებლად გავერკვევი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე, მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში საკვებით ჯამში 700 ჯარისკაცი მოიწამლა. ამასთან დაკავშირებით, პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ედო. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ათეულობით სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა. აღნიშნულს არ ადასტურებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მისი განცხადებით, საუბარია შვიდ ჯარისკაცზე. მინისტრის თქმით, ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია და შედეგი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"შვიდი სამხედრო მოსამსახურე გარკვეული მსუბუქი ინტოქსიკაციის შედეგად, ასე ვთქვათ, შეუძლოდ გახდა. შესაბამისად, სამხედრო პოლიცია, ქართული კვების წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე. დაწყებულია კვლევა, ყველაფერი დაზუსტდება და საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი. თერთმეტ კაცს ჰქონდა ივნისში ასევე მსუბუქი ინტოქსიკაცია. ეს გამოკვლეულია, სამხედრო პოლიციამ დაასრულა მოკვლევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საიდუმლო გრიფით არის, შემიძლია გითხრათ, რომ მოხდა შესაბამისი ცვლილებები, როგორც გაერთიანებულ შტაბში, ასევე ჩვენთან. ამის შემდეგ, მთლიანად შევცვალე ქართული კვების მენეჯმენტი. ასე რომ, ზომები მიღებულია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

კომენტარები