ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებს

www.ipn.ge

ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესს დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროტესტის ნიშნად არ ესწრება. ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა მერაბიშვილმა სოციალური ქსელის, Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

"ქალბატონო მოსამართლევ, წინა სასამართლო პროცესზე თქვენი თანდასწრებით მოხდა შეთანხმება, რომ ყოველი სასამართლო სხდომის წინ, გონივრული ვადით ადრე, პროკურატურა დაცვის მხარეს მიაწვდიდა იმ მოწმეების სიას, რომელთა დაკითხვაც უნდა მომხდარიყო მომავალ პროცესზე. იმისათვის, რომ მე მქონდეს ეფექტური დაცვის უფლება, აუცილებელია, რომ ჩემს ადვოკატებს წინასწარ ჰქონდეთ მომდევნო პროცესზე გამოსაძახებელი მოწმეების სია. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ არ შეასრულა პირობა და არ გადმოგვცა მოწმეთა სია. ამიტომ, მე ვაცხადებ პროტესტს და უარს ვამბობ, დავესწრო სასამართლო სხდომას. ამ პროტესტით, მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ მრავალრიცხოვან უხეშ კანონდარღვევებს, რითაც პროკურატურა წარმართავს ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე პროკურატურას სულ წარმოდგენილი აქვს მოწმეთა 3969-კაციანი სია, რომლებიც სასამართლო პროცესზე ეტაპობრივად იკითხებიან. მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

კომენტარები