ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა

ივანიშვილი: ნაციონალური მოძრაობა საკუთარ თავს თვითონ ინადგურებს

ტაბულას წარმომადგენელმა სალომე უგულავამ პრემიერს დღევანდელ შეხვედრაზე კითხვა ნაციონალური მოძრაობის განადგურების შესახებ დაუსვა - "ავტორიტული გამოცემა Le Monde-ის სტატიაში წერია, რომ ვანო მერაბიშვილის სახით ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის მთავარი ორგანიზატორი, ხოლო დავით კეზერაშვილის სახით დამფინანსებელი დააკავა. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, ხომ არ გამოდის, რომ მიზანი ნაციონალური მოძრაობის განადგურებაა, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის?"

პრემიერმინისტრმა კითხვას უპასუხა, რომ "ნაციონალური მოძრაობა საკუთარ თავს თვითონ ინადგურებს".

"მე მოვედი არავის გასანადგურებლად, მე მოვედი ჩემი ქვეყნის ასაშენებლად და ჩემი ქვეყნის გასამარჯვებლად. არავის მტრობა არ მსურს. საკუთარი ქცევით თვითონ ინადგურებენ საკუთარ თავს. ჩვენ და მე პირადად მოვახერხეთ და ხალხს დავუბრუნეთ ლეგიტიმური უფლებები, არჩევნების უფლება დავუბრუნეთ ხალხს".

ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ დავით კეზერაშვილი ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად სახელმწიფო რესურსებს იყენებდა - "მე დიდი ეჭვი მაქვს იმის, რომ კეზერაშვილი იყენებდა სახელისუფლებო რესურსებს. და ის ფინანსები არ მიუღია წინაპრებისგან. არასწორად მოპოვებული ფინანსებით აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას. სხვა ყველაფერი - დაველოდოთ გამოძიებას".

 

 

კომენტარები