პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ვმუშაობთ, რომ ნაციონალებს შეუმცირდეთ ეს გაუგებარი მხარდაჭერა

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ქართული ოცნების შიდა გამოკითხვებით, გიორგი მარგველაშვილს პოტენციურად მოსახლეობის 70% უჭერს მხარს. როგორც ივანიშვილმა ბეჭდური მედიის და რადიოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას თქვა, აქედან 20%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას იზამს არჩევნებზე, თუმცა, პრემიერი ფიქრობს, რომ ისინიც ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან. მისივე თქმით, გამოკითხულთა 10% მხარს ნინო ბურჯანაძეს უჭერს, 12-15% დავით ბაქრაძეს, ხოლო 1-2% შალვა ნათელაშვილს, 1-2% გიორგი თარგამაძეს და 1-2% სხვა დანარჩენ კანდიდატებს. 

"ჯამში, სხვებს მხარს უჭერს 30% ანუ 70% არის ჩვენი პოტენციური ამომრჩეველი. ამიტომ, იდეალური იქნება, რომ არჩევნებში 65%-ით გავიმარჯვოთ. ნაციონალების რეიტინგი აღარ გაიზრდება, ეს მათ თავადაც იციან და ამ 12-15%-ის შენარჩუნებაზე მუშაობენ. ჩვენ კი, ვმუშაობთ იმაზე, რომ ნაციონალებს შეუმცირდეთ ეს გაუგებარი მხარდაჭერა. ვმუშაობთ არა ძალადობით, არამედ ჩემი ამგვარი მოწოდებებით, რომ ჩვენი გამარჯვება მათი ოჯახებისთვის იქნება კარგი. ამიტომ, კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც არ აპირებს არჩევნებზე მოსვლას - მოდით. თქვენმა არმოსვლამ შეიძლება, დაგვიგდოს რეიტინგი და ცუდ შედეგამდე დავიდეთ. თუ არ მოვლენ, იზარმაცებენ და 60%-ზე ნაკლებს ავიღებთ, ეს იმედგაცრუებას გამოიწვევს ჩვენში. უნდა მოხვიდეთ, რომ მუხტი შევინარჩუნოთ. 60%-ს დაბლა გამოჩნდება ქართველი ხალხის სიზარმაცე. ჩვენ რეალურად ვიცით, რომ მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ამას დაფიქსირება უნდა. მოდით, არ დაიზაროთ, რომ მუხტი დაინახოთ. ეს მოუხდება თქვენს ოჯახებს, შვილებს. ეს იმოქმედებს მთავრობაზე და პირადად ჩემზეც. რობოტი კი არ ვარ. უნდა დააფიქსირონ, რომ მართლა სჭირდებათ ის, რასაც ვაკეთებთ", - თქვა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა რადიოს და ბეჭდური მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში 60%-ზე დაბალ შედეგს მიიღებს, მას ენთუზიაზმი გაუქრება. ხოლო თუ მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო, მარგველაშვილს ეტყვის, რომ მასში მონაწილეობა არ მიიღოს. 

კომენტარები