კეზერაშვილის საქმე

ეკა სირაძე: სასამართლომ დავით კეზერაშვილს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

დავით კეზერაშვილი

საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონე აცხადებს, რომ საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც საქართველოს ელჩი მოამბესთან სატელეფონო საუბარში ამბობს, ამ პერიოდში ქართულმა მხარემ უნდა წარადგინოს იმის მყარი საფუძველი, რომ კეზერაშვილის საქართველოში ექსტადირება მოხდეს.

მთავარი პროკურატურა კი, დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნისთვის საჭირო დოკუმენტებს უკვე აგროვებს.უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის თქმით, სწორედ საქართველოდან გაგზავნილ ამ დოკუმენტებზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის მართლმსაჯულება. იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ჩილინგარაშვილის განმარტებით კი, კეზერაშვილის ორმაგი მოქალაქეობა მის ექსტრადირებას ხელს არ შეუშლის. 

"ჩვენ უკვე ვამზადებთ საექსტრადიციო მასალებს, რომლებსაც საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადების დაცვით მივაწვდით საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს. ამის შემდეგ, საფრანგეთის შესაბამისი სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო მიიღებენ გადაწყვეტილებას კეზერაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადიციის შესახებ. საერთაშორისო ხელშეკრულებით დაკავებიდან მასალების მიწოდებამდე დადგენილი ვადაა 40 დღე", - აცხადებს ჩილინგარაშვილი და აღნიშნავს, რომ ქართული მხარე საფრანგეთს საჭირო დოკუმენტებს 40 დღეზე ადრე მიაწვდის. 

"რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას,  ექსტრადირების პროცესში ერთადერთი დამაბრკოლებელი არის ის, რომ დაკავებული პირი არ უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მას დააკავებს. შესაბამისად, კეზერაშვილის ორმაგი მოქალაქეობა ექსტრადირებას ხელს არ შეუშლის" - დასძინა ჩილინგარაშვილმა.

ცნობისთვის, დავით კეზერაშვილი ისრაელის და საქართველოს მოქალაქეა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთში გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კეზერაშვილი პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად აიყვანეს. უწყების ცნობით, დავით კეზერაშვილს ბრალად განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლების მიღება ედება. 

 

 

კომენტარები