პოლიციელის მკვლელობა

სააკაშვილი: ვეტოს გადასალახად ივანიშვილი პირადად ურეკავდა დეპუტატებს

www.chveniambebi.info

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს გადასალახად პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პირადად ურეკავდა დეპუტატებს. როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში უთხრა, პრემიერმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებსაც დაურეკა.

"ივანიშვილი პირადად ურეკავდა დეპუტატებს, ამის მომსწრე ვარ, რომ შეეგროვებინა ისინი ამნისტიასთან მიმართებაში პრეზიდენტის ვეტოს გადასალახად. მინდა ვკითხო პრემიერმინისტრს, მაინტერესებს რას ფიქრობდა, როცა ლახავდა ამ ვეტოს და კრიმინალებს გარეთ უშვებდა?! ეს რომელიღაც დეპუტატის ინიციატივა არ არის. ის პირადად რეკავდა და, მათ შორის, ურეკავდა ჩვენს დეპუტატებს. ვფიქრობ, ყველა უნდა დავსერიოზულდეთ. არ შეიძლება ასეთი რაღაცეების კეთება ვიღაცის ჯინაზე. მინდა მოვუწოდო მთავრობას და ვთხოვო, თავისივე შეცდომებზე ისწავლოს, რათა ეს აღვკვეთოთ და დავამთავროთ. ნეტავ ეს იყოს ბოლო მსხვერპლი. არ შეიძლება ცალკეული გმირების იმედად ვიყოთ მუდამ, სახელმწიფო უნდა მუშაობდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ვერავინ უშველის იმ ქვეყანას, რომელშიც მთავრობა არ მუშაობს. 

"ჩვენ ამ მთავრობას დავუტოვეთ გამართული პოლიცია და ფული, რომელსაც ჭამენ მთელი ეს წელი. არაფერი ახალი არ შეუქმნიათ. ერთადერთი, რასაც მე ვეხვეწებოდი, იყო - ნუ უშვებთ ამ კრიმინალებს გარეთ. როცა ჯაბამ გამოუშვა, მაშინ არც პოლიცია ჰყავდა და არც ფული ჰქონდა საქართველოს და იმიტომაც გადაუარეს ქვეყანას. ახლა ერთი წელი კბილებით უჭირავს ჩემი მთავრობის დატოვებულ ფულს და ჩემი მთავრობის დატოვებულ პოლიციას. მაგრამ, ეს ყველაფერი უსაშველო არ არის, ასეთი ბიჭები განუსაზღვრელი რაოდენობით არ არიან. მერე ყველა დაიღლება და ვშიშობ, ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ", - განაცხადა პრეზიდენტმა სენაკში, სადაც ხობის სპეცოპერაციისას დაღუპული პოლიციელის დავით დემურიას ოჯახს მიუსამძიმრა. მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილი პოლიციელი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დავით დემურია საქართველოს ნამდვილი პატრიოტი იყო. 

"ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მის ვაჟკაცს გადავეცი. დავითის დედამ იკითხა, რატომ იყო ეს ყაჩაღი გარეთ და მე ამაზე პასუხი არ მაქვს. 2005 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, ის დაჭერილი იყო, მისჯილი ჰქონდა გრძელი ვადა, თუმცა აპრილში გამოვიდა და შემდეგ ჩაიდინა რამდენიმე ყაჩაღობა, მოკლა ადამიანი", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, შს სამინისტროს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას აყვანის სპეცოპერაცია ჩაატარეს. ორი ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ოკუჯავამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ორმხრივი სროლისას დაიღუპა სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი დავით დემურია, ასევე დაიჭრა პოლიციის ოთხი თანამშრომელი.

კომენტარები