ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორისი კომისია დატოვა

ბოკუჩავა: ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სიძულვილის ენას ახალისებენ

primetimenews.ge

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები საპარლამენტო უმცირესობის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას აგრძელებენ. დღევანდელ ბრიფინგზე უმცირესობის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩევლის კოკა ყანდიაშვილის მიერ Facebook-ზე მოწონებული კომენტარი გააცნო, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრების და მათი მომხრეების დახვრეტას ეხებოდა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, კოკა ყანდიაშვილი პრემიერმინისტრის მრჩეველი და მაღალი თანამდებობის პირია, შესაბამისად, მისი დამოკიდებულება ხელისუფლების დამოკიდებულებაა. უმცირესობის წევრის თქმით, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება პირველი არ არის. მან თეა წულუკიანის ის განცხადებაც გაიხსენა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვების მთავარი მიზეზი გახდა.

"იმის ნაცვლად, რომ კოკა ყანდიაშვილი გამიჯვნოდა Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს, პირიქით, მან მოიწონა და, შესაბამისად, დაეთანხმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვისმენთ მოწოდებებს ძალადობისკენ. მაგალითად, ბოლო დროს თეა წულუკიანმა, რომელიც არის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი და იუსტიციის მინისტრი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი სურვილია ნაციონალური მოძრაობის განადგურება. კოკა ყანდიაშვილის ეს დამოკიდებულება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ხელისუფლება არ ემიჯნება ძალადობას და სიძულვილის ენას. მეტიც, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ მსგავს სიძულვილის ენას", - აცხადებს ბოკუჩავა და მიმართავს თანამდებობის პირებს - მკაფიოდ გაემიჯნონ ძალადობისკენ მოწოდებას.

დღესვე, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ უწყებათაშორისი კომისია უმცირესობის საჩივრებს არ განიხილავს და ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, დაბრუნების აზრს ვერ ხედავს.

"თურმე კომისიის ამოცანა ყოფილა არა ჩვენს საჩივრებზე რეაგირება, არამედ, ჩვენი განადგურება და წინასაარჩევნო დევნა. თუ ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორის კომისიაში ვერ დაბრუნდება", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისია 11 ოქტომბრის სხდომის შემდეგ დატოვა. შეხვედრაზე კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა ერთმანეთის დაუპირისპირდნენ. ბოკუჩავა ამბობს, რომ წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მატყუარები უწოდა და თქვა, რომ მისი მთავარი ამოსავალი წერტილი ნაციონალური მოძრაობის განადგურებაა. თეა წულუკიანი კი, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საბოტაჟზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი განცხადებები თანამშრომლობის შესახებ, ფასადურია. დაპირისპირების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორისი კომისია დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თეა წულუკიანის რეპლიკა ნაციონალური მოძრაობის განადგურებაზე, დაუშვებელი და გაუმართლებელია.

კოკა ყანდიაშვილმა კი, რომელსაც თინა ბოკუჩავა სიძულვილის ენის წახალისებაში ადანაშაულებს, facebook-ის მომხმარებლის ის კომენტარი მოიწონა, რომლის ავტორიც ამბობს, რომ პრემიერობის ან პრეზიდენტობის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მომხრეებს დახვრეტდა. 

 

კომენტარები