სასჯელაღსრულების დაწესებულება

მიხეილ ღურწკაია: კობა ყურუა და ირაკლი ცანავა ციხის ადმინისტრაციას არ უცემია

netgazeti.ge

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ღურწკაია უარყოფს ადვოკატ ირმა შალამბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ კობა ყურუას და ირაკლი ცანავას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ. საგანგებო პრესკონფერენციაზე ღურწკაიამ მედიის წარმომადგენლებს ფოტომასალა წარუდგინა, რომლის მიხედითაც, მისი თქმით, პატიმარი ირაკლი ცანავა წინააღმდეგობას უწევს სად-ის თანამშრომლებს. ღურწკაიას მტკიცებით, არსებობს ვიდეომასალა და დეპარტამენტმა გამოძიებაც დაიწყო პატიმრის მიერ წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებით.

ღურწკაიამ უარყო ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პატიმრებზე ციხის ადმინისტრაციამ იძალადა და აღნიშნა, რომ ყურუა ადმინისტრაციის შენობაში საერთოდ არ ჰყოლიათ. ღურწკაიას თქმითვე, ორივე პატიმრის ბრალდებები ბათილდება დაწესებულებებში გადაღებული ვიდეოჩანაწერებით. სად-ის თავმჯდომარის განცხადებით, დეპარტამენტი მზად არის, ვიდეომასალა გამოძიებას გადასცეს. 

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებული კობა ყურუას და ირაკლი ცანავას ადვოკატმა ირმა შალამბერიძემ პატიმრების გამოკითხვის ოქმი გაავრცელა. ადვოკატის ინფორმაციით, ყურუა ამბობს, რომ მას აღიარებითი ჩვენების მოთხოვნით, #7 დაწესებულების ციხის დირექტორის მოადგილე "ხელჯოხის უკან გაკეთებით" დაემუქრა. მეორე პატიმარი ირაკლი ცანავა კი, გამოკითხვის ოქმში წერს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიასთვის "ობშიაკის" სახით, 1000 დოლარის გადარიცხვა უნდა ეღიარებინა. პატიმრის თქმით, მას უთხრეს, რომ გამოძიებას "უჭირს და უნდა დაეხმაროს". ცანავა ოქმში წერს, რომ თანამშრომლობაზე უარის თქმის შემდეგ, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ  #6 დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მოადგილე.

კომენტარები